დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ბრალდებულმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. პროკურატურამ ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას განცხადება გააკეთა. "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა პოლიციამ, რომ ქულები ჩაეწერა ხელმძღვანელობის თვალში. ამ ყველაფერს პროკურატურა იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. 2012 წლის შემდეგ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მამაჩემის მიმართ აღძრულია საქმე, ჩემი ძმის მიმართ აღძრულია საქმე. ჩემს მიმართ ორი საქმეა აღძრული. დაკითხული ვარ სხვადასხვა საქმეზე ექვსჯერ. ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გადავკვეთე საზღვარი და სამივეჯერ დავბრუნდი. ახლა მესამე საქმე არის ეს და ალბათ მიაღწევენ შედეგს", - განაცხადა ირაკლი კირკიტაძემ. სასამართლო სხდომას, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც ესწრება.