ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია

ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია

აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს. უწმინდესის განმარტებით, სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ, თუმცა იგი ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. "ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან", - აღნიშნავეს უწმინდესი. პატრიარქის აზრით, სწორედ მოჩვენებითი სიყვარულია დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. "ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და "ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ. ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ. აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?", - ბრძანებს ილია მეორე. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. "ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა. ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით. რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით", - აცხადებს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია