ილია მეორე – უჭირს რომელიმე თქვენგანს? - ილოცოს

ილია მეორე – უჭირს რომელიმე თქვენგანს? - ილოცოს

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს . პატრიარქი განმარტავს, რომ ლოცვა სინანულია, საუბარია ღმერთთან და მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. "ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას". მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა". ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება", - აღნიშნავს უწმინდესი. ილია მეორის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. "ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: ,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, _ აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ; ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე. მდიდარი ხარ? _ მოწყალება უხვად გაეცი. თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე... თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ. ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის. აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი." რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს", - ბრძანებს ილია მეორე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია