"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხი არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე

"თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხი არ გამიგიაო" - რას ამბობს ქარბუქს გადარჩენილი მონადირე დაკარგულებზე

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორიდან დაკარგული 3 ადამიანის ძებნა გრძელდება. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ნუგზარ მაჭარაშვილი აცხადებს, დაკარგული ბიჭებიდან ერთ-ერთი, ავთანდილ სამხარაძე ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობს, თუმცა, დიდი რაოდენობით მოსულმა თოვლმა მათ, სავარაუდოდ, გზა-კვალი აურია...

ნუგზარ მაჭარაშვილი:

- ავთანდილ და დათო სამხარაძე, ბიძაშვილები - ძმათა შვილები არიან. დათო ასაკით პატარაა, ავთანდილი კი, 37 წლის არის და როგორც ნადირობაში, ისე აქაურ რელიეფში, გამოცდილი კაცია. ტყეში რომ მოესწრო ქარბუქს, თავის შეფარება არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ უკვე ტყიდან იყვნენ გამოსულები, ნადირობიდან ბრუნდებოდნენ, ჩქარობდნენ, რათა ახალ წელს სახლში შეხვედროდნენ. იალაღებზე, ალპურ ზონაში იყვნენ და სწორედ მაშინ ამოვარდა ქარბუქი, იმ დღეს ორ მეტრამდე თოვლი დადო... სავარაუდოდ, ამიტომ დაიბნენ. სამხარაძეები მსხალგორიდან არიან, ლევან ჯალალოვი კი, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან არის... მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ სამხარაძეებს ვიცნობ, - ორივეს ძალიან უყვარს ნადირობა. ავთანდილს ცოლ-შვილი ჰყავს, დათო ჯერ დასაოჯახებელია... დაოჯახებული არც მესამე ბიჭი, ლევან ჯალალოვი ყოფილა. სამივე ჯანღონით სავსეა, მაგრამ სტიქიის წინაშე ადამიანი ხშირად უძლურია ხოლმე, თუმცა ჯერჯერობით იმედი არსებობს... მათ ოჯახებში მაინც ძალიან მძიმე სიტუაციაა, - არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ.

- ერთ-ერთმა მონადირემ გამოასწრო სტიქიას...

- დიახ, გიორგი თურქაძემ გამოაღწია, - მისი თქმით, საკვები დატოვეს, რადგან ამინდი ერთბაშად უარესდებოდა და ზედმეტი ბარგი თავიდან მოიცილეს, რომ თავისუფლად ევლოთ. გზაში ქარბუქმა ისინი დაფანტა. გიორგი, სავარაუდოდ, წინ მოდიოდა, მათი ხმა მესმოდა, მეც ვეძახდი აქედან, შემდეგ კი, თანდათან მიიკარგა, თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხის არ გამიგიაო... შესაძლოა, ამ დროს აერიათ გზა. 2 მეტრამდე თოვლი იყო და თოვლში ხმა არ ისმის ხოლმე... ახლა ისიც ძალიან მძიმედ არის, განიცდის ყველაფერს და რამდენადაც ვიცი.

მარინა გელაშვილი, ლევან ჯალალოვის დედა:

- რა გითხრათ, არც კი ვიცი, დახოცილები ვართ... ახალი წელი კი არა, სიკვდილი მინდა, ნეტავ პოლონეთში დარჩენილიყო ჩემი შვილი, ორი წელი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა, არაფერი პრობლემა არ ჰქონია, ჭკვიანად იყო, ენაცვალოს დედა...

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ