ირანი რომ თურმე საქართველოსთვის სომხეთის საზღვართან ბუნებრივი აირის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, რამდენიმე დღის წინ ირანული მედიიდან გახდა ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ჯერ განაცხადეს, რომ ირანთან კონკრეტული შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს, შემდეგ კი მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან” ექნება - გაზსადენი, რომლითაც ირანიდან საქართველოს, სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.
იმ ფონზე, როცა "გაზპრომთან” ნახევრად ფარული შეხვედრები და მოლაპარაკებები ეწყობა, ექსპერტების მხრიდან კიდევ უფრო მწვავედ დაისვა საკითხი - რად გვინდა რუსული ან ირანული გაზი რუსული მილით, როცა აზერბაიჯანი მზად არის დააკმაყოფილოს როგორც არსებული, ისე მზარდი მოთხოვნაც? ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები პოლიტიკურ რისკებზე მიანიშნებენ.
სტივენ ბლანკი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი: "ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.”
"აზერბაიჯანმა შესაძლოა, გაზის ფასი გაზარდოს"
რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: "თურმე იქმნება ღერძი: მოსკოვი-თეირანი-ერევანი-თბილისი. არადა, ჩვენ ვართ მყარ კალაპოტში, სახელად ბაქო-თბილისი-ანკარა, სადაც თავს იყრის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის მნიშვნელოვანი უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები. ამიტომ, საქართველოში ირანიდან გაზის შემოტანის უცნაური ინიციატივა, რა თქმა უნდა, რუსული სქემაა.