დაცლილი სოფლის სინათლე - ხანდოს ხეობის უფლისწულს "მანქანა ემსახურება"

დაცლილი სოფლის სინათლე - ხანდოს ხეობის უფლისწულს "მანქანა ემსახურება"

ვანო ქურციკაშვილი ხანდოს ხეობაში ცხოვრობს, დაცლილ სოფელ უკანა მხარში, მწვერვალთან მიდგმულ პატარა აივნიან სახლში. მისი აივანი ხანდახან შემოდგომაზეც იფარება თოვლით. გათეთრდება მთელი ხეობა, ვანოს სახლი და მისი აივანი და ზამთარიც დგება.

ვანოს ძალიან უყვარს თოვლი - დილაუთენია ეცემა კარს, დედის მოქსოვილ წინდიან ფეხს პირდაპირ თოვლში წაჰკრავს, თვალებს მხიარულად მოჭუტავს და მიდი, დაუშენს გუნდებს თავისი სახლის აივანს! აბა, ვის ეგუნდაოს, როცა გარშემო არავინ არის - მთელი ხეობა დაცლილია...

ვანოს ეს არ უკვირს, - რაც დაიბადა,­ 8 წელიწადია და ზამთარში ყოველთვის მხოლოდ ფიფქების "ხმაური" ესმოდა. მაგრამ მაინც... ამიტომ ხანდახან თოვლის პაპასაც გაეგუნდავება, - მოიკრებს მუშტებში ფაფუკ თოვლს და აყრის სტაფილოს ცხვირზე. ის კიდევ დგას გაშეშებული და პასუხს არ უბრუნებს. გაბრაზებული ვანოც საკუჭნაოს კარს დაეჯაჯგურება, ციგას გამოიტანს და მისრიალებს თავდაღმართებზე,­ მე შენ გეტყვი, გზაზე ვინმე გადაუდგება, კილომეტრი მაინც უნდა იფრინოს, ვიდრე დაბლობამდე ჩააღწევს. ეგ არის, ზოგჯერ პატარა თავდაღმართიც შეხვდება და იქ უნდა გადა­კოტრიალდეს. რომ წამოდგება, თოვლს მხიარულად ჩამოიბერტყავს, ციგის თასმას შიშველ ხელში ჩაიბღუჯავს და კვლავ აღმართზე მიხრაშუნობს თავისი სახლისაკენ...

- ვანო, შე კაცო, შიშველ ხელებზე არ გცივა?!

- არა!

- ეგ როგორ?!

- ვაჟკაცი ვარ! - ამბობს ამაყად და პატარა ცხვირს მაღლა სწევს. არადა, თურმე მართლა ვაჟკაცია. - ვინ გაიგებს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ვანო სკოლაში მიმყავდა - ჩვენ გარშემო ყველა სახლი გამოკეტილია და ბავშვი მარტო გაიზარდა, მარტო თამაშობდა. ასეთი ბავშვობა როგორი უნდა იყოს?! იმიტომაც ვფიქრობდი, სკოლაში რომ წავიყვან, ვაითუ, ბავშვებს ვერ შეეგუოს... ეს რა ვქენი, რატომ მეც არ წავედი სოფლიდან, რატომ არ გამოვკეტე სახლი, რომ ჩემს შვილს ადამიანური ბავშვობა ჰქონოდა-მეთქი! ამასობაში ჩვენი სოფლის სკოლაც დაიხურა ზუსტად იმ დროს, როცა ვანო პირველ კლასში უნდა მისულიყო, ამიტომ ფასანაურის სკოლაში შევიყვანე და 18 კილომეტრზე ფეხით დავდიოდით - ზამთრობით ზურგზე აკიდებულს შინ რომ ამოვიყვანდით, უკვე ისეთი უკუნი იდგა, კიდეც უნდა დაწოლილიყო და დაეძინა. ჰოდა, ვწვებოდით. მაგრამ თავისი კლასელები იმდენად შეუყვარდა, რომ ამხელა გზაზე ზურგზე შესმული სულ იმას დაგვძახოდა, - იქნებ ცოტა ავჩქარდეთ, თორემ გაკვეთილზე დამაგვიანდება და ჩემი კლასელები იფიქრებენ, სკოლაში არ მოვიდაო! ისეთი ბიჭია, არც შინ მოიწყენს, - ხან შეშას ჩეხს, ხან სხვა საოჯახო საქმეში გვეხმარება, - მეუბნება ვანოს დედა. ბიჭიც იღიმის ისე მხიარულად, თითქოს ცხვირზე გაბნეული ჭორფლიც უწკრიალებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია