ზაჰირ ჰუსეინოვის კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ

ზაჰირ ჰუსეინოვის კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ

ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, თითქმის ხუთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ზაჰირ ჰუსეინოვმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, შეკითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძინა ნახატი აბაშიძეების ოჯახისგან და როგორ გაიტანა საქართველოდან. მისი ინფორმაციით, არსებული მასალებით საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია.

"მოვუყევი, როგორ გავიტანეთ ნახატი. იყო თუ არა ეს კონტრაბანდული გზით გატანა. საბუთები არის წესრიგში. საფუძველი არ არსებობს, რომ საქმე აღიძრას საქართველოში, რადგან ყველა დოკუმენტი წესრიგშია. გუშინ გაარკვიეს, რომ დოკუმენტები არის მოწესრიგებული და საგამოძიებო სამსახურში ეს დოკუმენტები წამოიღეს კულტურის სამინისტროდან", - განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.

მისივე თქმით, შეკითხვა დაუსვეს, საიდან იცოდა სურათის შესახებ და იცოდა თუ არა, რომ ეს სურათი ძვირფასი იყო. "მკითხეს საიდან ვიცოდი სურათის შესახებ და როგორ გამოვიტანე. მე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ეს სურათი იყო ძვირფასი. როგორც იყო, ზუსტად ისე მოვყევი", - აღნიშნა ჰუსეინოვმა. მისი თქმით, მას შეკითხვები დაუსვეს ეკა აბაშიძესთან ურთიერთობაზეც, რაზეც ასევე სრული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს.

საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე რჩება ზაჰირ ჰუსეინოვთან ერთად დაბარებული მალხაზ მახარაძე. ჰუსეინოვი და მახარაძე არიან ის პირები, რომლებმაც აბაშიძეების ოჯახიდან იყიდეს ნახატი და თურქეთში გადაიტანეს. თურქული მედიის ცნობით კი, ეს ნახატი ვან დეიკის ნამუშევარია და იგი 14 მილიონად არის შეფასებული.

ჰუსეინოვისა და მახარაძის ინფორმაციით, მათ ნახატი ეკა აბაშიძისგან 37 ათას დოლარად შეისყიდეს, თუმცა 7 ათასი გადაიხადეს, ვალად კი აღიარებულია დარჩენილი 30 ათასი დოლარი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ