ბოლო დღეებში ქართველები ერთმა კარგმა ამბავმა გააერთიანა. დღეს ქართული სპორტის (და არამხოლოდ სპორტის) მთავარი ფიგურა ზაზა ფაჩულიაა!
"დალას მავერიკსის" კალათბურთელი ტეხასური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ორმაგი დუბლის გარეშე მოედანს იშვიათად ტოვებს და აქვს ისტორიული შანსი, გახდეს პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც NBA-ს All Star-ში, ანუ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს!
ამისთვის საჭიროა, All Star-ის სასტარტო ხუთეულების გამოსავლენ გამოკითხვაში "დალასის" ქართველმა ცენტრმა კონკურენტებს აჯობოს. ხმის მიცემა ყოველდღიურად შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხერხით, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტიანი სოციალური ქსელის მეშვეობით აგორებული კამპანია გამოდგა.
დღეს ბაკურიანიდან გამოგვიგზავნეს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი ფოტო, სადაც #NBAvote Zaza pachulia თოვლის საფარზე არის დაწერილი. ეს არის სწორედ ის სიტყვები, რომელიც ზაზას გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში დღეში ხუთჯერ მაინც უნდა დაწეროს.

ფოტო: გიორგი ცენტერაძე
იხილეთ ასევე: ვინ ჩართო ბერამ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ კამპანიაში