4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება

4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება

სოფო ნიჟარაძე ქართული შოუბიზნესის ყველაზე სკანდალური ვარსკვლავია. მის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი დაწერილა პრესაში. სოფო რუსეთში მოღვაწეობდა, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დედასთან ერთად დაბრუნდა და წარმატებული რუსული კარიერა მიატოვა. ის თავიდანვე გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი, სოფო მღეროდა ყველა სამთავრობო კონცერტზე. შოუბიზნესის კულუარებში მასთან დაახლოებული პირებიც კი იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ მასშტაბური ღონისძიებები ნიჟარაძის გამო კეთდებოდა, იდგმებოდა მიუზიკლები, სპექტაკლები, იყო დუეტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და ა.შ. ის დღეს აქტიურად აღარ ჩანს სცენაზე, მაგრამ ინტერესი მის მიმართ ისევ დიდია. მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნიჟარაძე იშვიათად აკეთებს კომენტარს. გთავაზობთ 4 სკანდალურ ფაქტს, რომელიც 30 წლის მომღერლის სახელს უკავშირდება.

ბოლო სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის ირგვლივ აგორდა, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერია, სადაც ის საქართველოს ექს-პრეზიდენტთან საუბრობს. ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას, ნიჟარაძე და სააკაშვილი სავარაუდო არეულობაზე საუბრობენ, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იქნება, რომელსაც მომღერალი ოდესის გუბერნატორთან უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე, ნიჟარაძემ განაცხადა რომ ის სააკაშვილის მეგობარია. მომღერლის განცხადებით, აუდიოჩანაწერი ყალბია.

კიდევ ერთი სკანდალი, ნიჟარაძის ამერიკაში გამგზავრებას უკავშირდება. 2014 წლის გაზაფხულზე სოფო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მომღერალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ჭორი მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა არ დაადასტურეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ნიუ-იორკში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში".

სკანდალის თემა გახდა სოფო ნიჟარაძის მონაწილეობა რეზიკო გიგინეიშვილის ფილმში "სიყვარული აქცენტით". ფილმი კინოსტუდიის ყოფილი დირექტორის არჩილ გელოვანის პატრონაჟით გადაიღეს. ელიტურ წრეებში კარგად ცნობილი გელოვანი დაახლოებით 6 წლის წინ იშვიათი წიგნების უკანონო გზით მოპოვებისა და რეალიზების ბრალდებით დააპატიმრეს. მის ადვოკატის ლილი გელაშვილის მტკიცებით, "გელოვანი წინა რეჟიმისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო". როგორც გელაშვილი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში ამბობდა: "ადამიანს ბრალს სდებენ ქურდობაში მაშინ, როდესაც არ არის დამტკიცებული, რეალურად არის თუ არა მოპარული წიგნები. ეს წიგნები თვალით არავის უნახავს და არც ექსპერტიზა ჩატარებია. პიროვნება, რომელსაც ქურდობას ედავებიან, არქივის დირექტორი, ეცადაშვილი, საერთოდ არ იცნობს არჩილ გელოვანს და ამას თავად ადასტურებს. ამის მიუხედავად, გელოვანს მაინც წაუყენეს ბრალი და ექვსი თვით ციხეში გამოკეტეს". როგორც სოფო მოგვიანებით ყვებოდა, სააკაშვილმა გელოვანი თურმე მხოლოდ იმიტომ გამოუშვა ციხიდან, რომ სოფოს მონაწილეობით ფილმი ჰქონდა დასასრულებელი. მაშინდელ პრეზიდენტს თავად მიუცია დავალება გელოვანისთვის, გადაეღო ფილმი სოფოს მონაწილეობით.

კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა სოფო ნიჟარაძის პეპლებიან კაბას, რომელიც მომღერალს მიუზიკლში "ქეთო და კოტე" ეცვა. მიუზიკლი 2011 წელს ბათუმში დაიდგა. სპექტაკლში, სადაც ქეთოს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ასახიერებს, თვალშისაცემია ის კოსტიუმები, რომელიც სკულპტორმა თამარ კვესიტაძემ შექმნა. თუ ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი ოპერის მიხედვით, ქეთომ და კოტემ ერთმანეთი პეტერბურგის ბაღში გაიცნეს, გათანამედროვებული ვერსიით, ისინი ლონდონში ხვდებიან ერთმანეთს. ქეთო საქართველოში "ლუი ვიტონის" ვერტმფრენით ბრუნდება. რატომ ხდება მიუზიკლში მსოფლიოს წამყვანი ბრენდის მრავალჯერადი რეკლამირება, უცნობია, თუმცა მოარული ხმები ამბობდნენ, რომ "ლუი ვიტონი" ნიჟარაძის საყვარელი ბრენდია და ამ ლოგოს გამოყენების გამო მიუზიკლის შემქმნელებმა მსოფლიოს წამყვან სამოდელო სახლს, არც მეტი, არც ნაკლები, 80 ათასი ევრო გადაუხადეს. რაც შეეხება პეპლებიან კაბას, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ფასი დაახლოებით 30 000 ლარი იყო, კაბის დიზაინზე ავთო ცქვიტინიძემ და თამარ კვესიტაძემ ერთად იმუშავეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE