რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე

რა ღირს იარაღი ქართულ "შავ ბაზარზე" და როგორ ხვდება არალეგალური გზით მყიდველამდე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონი ერთეული გაუფორმებელი, არალეგალური, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღია კრიმინალთა ხელში. ამის გამო დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან თითოეული ასეთი იარაღის უკან უამრავი ადამიანის ტრაგედია დგას.

იარაღის შოვნა არალეგალურად უფრო მეტად იოლი და შესაძლებელია იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ან ცოტა ხნის წინ მიმდინარეობდა. საქართველოც, დღემდე იმკის ამ კუთხით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების შედეგებს.

ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტის განმარტებით, გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდი იარაღის რაოდენობა შემცირდა, რამაც თავის მხრივ, იარაღის გაძვირება გამოიწვია. ამჟამად საქართველოში TT-ს ტიპის პისტოლეტი შავ ბაზარზე 1500-2000 დოლარი ღირს, 10-15 წლის წინ კი მისი ფასი 100-200 დოლარი იყო. ცნობილი BERETA წლების წინ 250-300 დოლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 2500-3000 დოლარია.

თუმცა, იარაღის ფასი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ სად ყიდულობ. ის შედარებით იაფია იქ, სადაც ცოტა ხნის წინ გამოიყენებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, ვისგან ყიდულობ. შესაძლოა, ვინმეს გაუფორმებელი იარაღის თავიდან მოშორება უნდოდეს და იაფად დათმოს. დღესდღეობით ყველაზე იაფი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი შავ ბაზარზე არის ნაგანი. მისი ფასი 500-1000 დოლარია. მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩნევა ის, რომელიც რა თქმა უნდა, ისვრის და რომლის ტარებაც შეუმჩნევლადაა შესაძლებელი.

2008 წლის 5-დღიანი ომის დროს როგორც რუსი, ისე ქართველი სამხედროების ხელში უამრავი იარაღი აღმოჩნდა, რომლის გაყიდვაც შავ ბაზარზე შესაძლებელი იყო. მათი ნაწილი, რომელიც არც ისე ცოტა გახლდათ, რამდენიმე დღეში უკვე იყიდებოდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, სოხუმსა და ცხინვალში, ასევე - ყუბანში.

საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად რუსული მხარის იარაღი იყიდებოდა, რადგან ჩვენთან არარეგისტრირებული გახლდათ. ქართველი ოფიცრების კუთვნილი იარაღი კი აგვისტოს ომამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში დაახლოებით 4-5 ათასი დოლარი ღირდა, ომის შემდეგ მისი ფასი 1000 დოლარამდე დაეცა.

ამ პერიოდში "კაპიკებად" შეიძლებოდა ამერიკული კარაბინის - M-4-ის ყიდვა. "კალაშნიკოვის" ფასი კი თითქმის არ შეცვლილა.

აფხაზეთის ომის დროს, რუსი სამხედროები შინ ზღვით ბრუნდებოდნენ. ისინი გემზე, ზღვაში გასვლამდე ერთგვარი რიტუალივით ატარებდნენ - ნაალაფარ იარაღს ორივე ხელში დაიჭერდნენ და ზღვას დაცხრილავდნენ ან ჰაერში ცლიდნენ მჭიდს. ამის შემდეგ იარაღს გემბანიდან პირდაპირ ზღვაში გადაუძახებდნენ ხოლმე. ამ ადგილებში მაშინ ხშირად შეხვდებოდით მოყვარულ მყვინთავებს, რომლებიც ზღვაში ჩაყრილ იარაღზე ნადირობდნენ და შემდეგ შავ ბაზარზე ყიდდნენ.

შავ ბაზარზე ასევე შეხვდებით ცეცხლსასროლად გადაკეთებულ გაზის პისტოლეტს. ეს გაცილებით იაფია და ამავე დროს, დამნაშავეს ხელს აძლევს, რადგან ის არარეგისტრირებულია, "სუფთაა" და ძნელია, ასეთი იარაღით მკვლელის მიგნება. გადაკეთებულ პისტოლეტს მაყუჩიც უკეთდება. ასევე ხელმისაწვდომია პისტოლეტი "მარგოლინა", 8 მმ-იანი კალიბრით და თურქული წარმოების პისტოლეტები, რომელთა ფასიც 60-100 დოლარია.

ამჟამად, ერთ-ერთი ცხელი წერტილი გახლავთ უკრაინა. კიევსა და მთელს უკრაინაში თავისუფლად, მეტროს შესასვლელებშიც კი იყიდება სასტარტო, ე.წ. სპორტული პისტოლეტი, რომლის ცეცხლსასროლ, საბრძოლო იარაღად გადაკეთება ძალზე იოლად ხდება. უკრაინაში ინტერნეტით არის შესაძლებელი არალეგალური იარაღის ყიდვა. საძიებო სისტემაში წერთ - "ვყიდი იარაღს" და უამრავ ვარიანტს აღმოაჩენთ.

არალეგალური იარაღი, რაღა თქმა უნდა, "არალეგალური" მიზნებისთვის იყიდება. ნებისმიერი ცხელი წერტილიდანაა შესაძლებელი, კონტრაბანდის სახით შემოვიდეს ქვეყანაში. როდესაც იარაღის ქართული შავი ბაზრით დავინტერესდი, ბევრ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი.

ვცადე გამეგო, სად, როგორ, რა ფასად შეიძლება იარაღის ყიდვა შავ ბაზარზე. სამწუხაროდ, ვერ მოგიყვებით დეტალურად, რა გზა გავიარე, რომ საჭირო ინფორმაცია მომეპოვებინა, მაგრამ ძიების შედეგს მოგახსენებთ: თუ ადამიანს დანაშაულის ჩადენა უნდა, აუცილებელია ისეთი იარაღის შოვნა, რომელიც გაუფორმებელია და რომლითაც მანამდე დანაშაული არ ჩადენილა. თუმცა, იმისათვის, რომ იარაღი იყიდო, საჭიროა, ჯერ მიაგნო ადამიანს, ვინც ამ საქმეში გარკვეულია. ასეთ დროს ნდობის ფაქტორი არის მთავარი - სანდო კაცი, რომელიც არ იტყვის, რომ იარაღი მოგყიდა.

ასეთი ადამიანის მოძებნა ყოფილ მებრძოლებში უფრო უპრიანია. ან გჭირდება შუამავალი, რომელიც საჭირო ადამიანთან ისე დაგაკავშირებს, რომ შესაძლოა, მყიდველისა და გამყიდველის შეხვედრა არც მოხდეს. თვითონ ამაში გარკვეულ თანხას იღებს. საერთოდ, არჩევანი შესაძლოა, ფართო იყოს, მაგრამ როდესაც შუამავალს ეტყვი, როგორი ტიპის იარაღი გინდა, ამის შემდეგ რასაც შემოგთავაზებენ, უნდა დათანხმდე. მაყუჩიანი იარაღი ორჯერ ძვირი ღირს.

საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანმა მითხრა, რომ საქართველოში არალეგალური იარაღი ძალიან ცოტაა. თითქმის არ იშოვება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, თუ ვინმეს ასეთი გააჩნდა, ყველამ გაიფორმა ან თავიდან მოიშორა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო.

ახლა გაცილებით იოლია იარაღი ყარაბაღიდან, ჩეჩნეთიდან, აფხაზეთიდან, უკრაინიდან შემოგიტანონ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ გენდობიან. 3-4 დღეა საჭირო, რომ იარაღი კლიენტამდე მივიდეს, თუმცა, გააჩნია, საიდან შემოაქვთ. ყველა შემთხვევაში საზღვრის გვერდის ავლით, მთის ბილიკებით გადმოდის საქართველოში. შუამავლის ხელში საზღვართან ახლოსვე გადადის და შემდეგ, მყიდველამდე მიდის. ყველაზე მოსახერხებელი ამჟამად ყარაბაღიდან და აფხაზეთიდანაა იარაღის გადმოტანა. სამეგრელოს თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის ბილიკები, რომლითაც აფხაზეთში არალეგალურად შეუძლია გადასვლა და ბევრს იქ აქვს საჭირო კავშირებიც. შეიძლება ითქვას, რომ გაუჩენარს გააჩენენ, თუ კარგად გადაიხდი.

ყარაბაღიდან ძირითადად იქაურ მაცხოვრებლებს გადმოაქვთ. საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთა არ უწევს. გარიგება ხდება უსაფრთხო ადგილებში, უმეტესწილად შუამავლის ავტომანქანაში, რადგან ურჩევნია, დარწმუნებული იყოს, რომ მანქანაში მოსასმენი ან ვიდეოაპარატურა არ დგას.

ალბათ ბევრს გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში იარაღის ყიდვა ინტერნეტის საშუალებითაც შესაძლებელია. იარაღი გასაყიდად ღიად დევს სხვადასხვა საიტზე, მაგრამ ის კრიმინალთა ინტერესს არ წარმოადგენს.

თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც ანონიმური ქსელური კავშირის საშუალებას იძლევა და მას TOR (THE ONION ROUTER) ჰქვია. ეს გახლავთ დაცული, ანონიმური ქსელი, რომელიც ე.წ. ინტერნეტში ვირტუალურ გვირაბებს წარმოადგენს და ინფორმაციის დაშიფრული სახით გადაცემის საშუალებას იძლევა. პროგრამა საშუალებას იძლევა, დარჩე ანონიმად სხვადასხვა საიტებზე, ბლოგების შექმნისას, იცავს მომხმარებელს ტრაფიკის ანალიზის მექანიზმისგან, რაც კომერციული საიდუმლოებების, საქმიანი კავშირების კონფიდენციალობას საფრთხის ქვეშ აყენებს. იდენტიფიცირება შეუძლებელია ნებისმიერი სამსახურისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის.

TOR-ს ასევე "ღრმა", "ბნელ" ინტერნეტს უწოდებენ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ კრიმინალებიც, რომელთა შორის იარაღით მოვაჭრენიც არიან.

გამყიდველთან მიმოწერა შიფრის საშუალებით ხდება. ის საიტზე ღიად დებს "გასაღებს", რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმოწერის ტექსტი დაშიფროს, მაგრამ მისი გაშიფვრა მხოლოდ გამყიდველს შეუძლია. ამრიგად იქმნება სანდო სისტემა, რომლის გატეხვაც თითქმის შეუძლებელია.

თანხის გადახდა ხდება სხვა ტექნოლოგიის, ე.წ. ბიტკოინის საშუალებით. ბიტკოინი გახლავთ კრიპტოვალუტა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი თანხები სრულად განკარგონ. იმისათვის, რომ "საფულე" შექმნა, არაა საჭირო რეალური სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტაც კი. ამის მიუხედავად, შესაძლებელია, ნებისმიერი თანხა გადარიცხო (ბიტკოინის სახით, რა თქმა უნდა) ნებისმიერ ქვეყანაში და ამ დროს არაა საჭირო ცენტრალური სერვერების გამოყენება. ტრანზაქცია ხორციელდება ერთი ადამიანიდან - მეორემდე. არ არის დაწესებული ლიმიტი, ხოლო ტრანზაქციისთვის ძალზე ცოტა პროცენტია გადასახდელი.

ამგვარად, ეს სამი ტექნოლოგია (TOR-ი, დაშიფვრა და ბიტკოინი) საშუალებას აძლევს ადამიანს, არა მხოლოდ იარაღით, არამედ სხვა არალეგალური საქონლით (თუნდაც ნარკოტიკებით) ივაჭროს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მიუწვდომელი დარჩეს.

ტექნოლოგიურად ეს ყველაფერი ასე ხდება: გამყიდველი მოელაპარაკება ფორუმის ადმინისტაციას (საიტი ჩვეულებრივ ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ გახლავთ) იარაღის გაყიდვის თაობაზე. შექმნის თემას, სადაც განათავსებს იარაღის ფოტოს, აღწერილობას, ფასს და შიფრის გასაღებს. დაინტერესებული კლიენტები დაშიფრული ტექსტების საშუალებით ახდენენ მიმოწერას გამყიდველთან და თუ შეთანხმდებიან, ამ შემთხვევაში გამოჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - "გარანტი", რომელიც გახლავთ შუამავალი და გარანტი, რომ მხარეები ერთმანეთს არ მოატყუებენ.

მყიდველი ბიტკოინებს გადარიცხავს "გარანტის" საფულეში, ის ატყობინებს გამყიდველს, რომ ფული მასთან ჩაირიცხა. გამყიდველი ატყობინებს კლიენტს, სად დაუტოვებს იარაღს. თუ კლიენტი კმაყოფილია შენაძენით, ატყობინებს "გარანტს" და ის ამის შემდეგ გადაურიცხავს გამყიდველს კუთვნილ თანხას, გარდა თავისი (3-7%) და საიტის (3-5%) წილისა.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ე.წ. გარანტი ხდება საიტი. ის კლიენტის მიერ გადარიცხულ ფულს გაყინავს მანამ, სანამ კლიენტი არ შეატყობინებს, რომ კმაყოფილია შენაძენით. ამ შემთხვევაში ყველაფერი საიტის ავტორიტეტზეა დამოკიდებული. შედეგით ყველა კმაყოფილია. ერთმა გაყიდა, მეორემ - იყიდა და ამ დროს არავის არაფერი გაუგონია და უნახავს. სისტემა, რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება და თავისი ხარვეზებიც ექნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად ასე თუ ისე, მუშაობს.

ბექა ხოტივარი

AMBEBI.GE

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები