რატომ ავღნიშნავთ ორჯერ ახალ წელს

რატომ ავღნიშნავთ ორჯერ ახალ წელს

იანვარი საერო თუ რელიგიური დღესასწაულებით დატვირთული თვეა: საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით აღნიშნავენ საერო ახალ წელს, შობას და ე.წ. ძველით ახალ წელს, რომელსაც ხალხში "ნამდვილ ახალ წელსაც" ეძახიან. რატომ ვზეიმობთ ორჯერ შობა-ახალ წელიწადს? - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს - ლევან ალადაშვილს მივმართეთ:

- შობის მარხვა უკვე დასრულდა და მოდის ე.წ. ძველით ახალი წელი, როგორ უნდა შეხვდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ დღეს?

- ახალ წელს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ძირითადად 31 დეკემბერს აღნიშნავენ. ეს დღე მარხვის პერიოდს ემთხვევა. მარხვას არ შეეფერება ღრეობა, თუმცა გადაჭარბებული ქეიფი და ზედმეტი ჭამა-სმა ადამიანს მარხვაში კი არა, ხსნილშიც არ შეეფერება. ზედმეტი არაფერი ვარგა და ქრისტიანს ყველაფერში ზომიერება ამშვენებს. ზომიერად და მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ ეს თარიღიც. ქრისტიანისათვის კალენდარს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საეკლესიო ახალი წელი სექტემბერში აღინიშნება, სხვადასხვა დროს ახალი წელი მარტშიც აღინიშნებოდა. იმას, თუ სახელმწიფო როდის დააწესებს ახალ წელს, მორწმუნისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სხვათა შორის, იულიუსის კალენდარიც წარმართმა იმპერატორმა შეადგინა წარმართი სწავლულების დახმარებით. მორწმუნეები სხვადასხვა დროს სხვადახვა კალენდარს იყენებდნენ. კალენდრის მიღება, ან გასწორება სახელმწიფოსა და მეცნიერების საქმეა, ეს სასულიერო პირებს არ ევალებათ. ქართული ეკლესია შობას აღნიშნავს ისე, როგორც ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ, ანუ - 7 იანვარს. ძველით ახალ წელსაც ისევე ზომიერად უნდა შევხვდეთ, როგორც 31 დეკემბერს ვხვდებით, თუმცა უკვე სახსნილო სუფრით.

- მამაო, რაიონებში ძირითადად 7 იანვრამდე, ანუ მარხვის დროს კლავენ საკლავს, ალბათ ესეც არ არის მოსაწონი და მისაღები.

- სოფლებში ასეთი წესი იყო - ცდილობდნენ შობამდე დაეკლათ საკლავი, რომ გაეხსნილებინათ და შობას ღირსეულად შეხვედროდნენ. ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და მარხულობს, ის ცდილობს, რომ შობისთვის სულიერად მოემზადოს და მდიდრული სუფრის გაწყობაზე სულაც არ ფიქრობს, ხოლო ვინც არაეკლესიურია, ურჩევნია 1-ელ იანვრამდე დაკლას საკლავი. როცა ადამიანი არ ლოცულობს, არ მარხულობს, სახარებას არ კითხულობს და არ ეზიარება, ეს არის მისი მთავარი პრობლემა, თორემ საკლავს როდის დაკლავს, ეს სულაც არ ამძიმებს და არც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია