ვინ არის გიორგი ლილუაშვილი, ვინც დავით ნარმანიამ მის მოადგილედ წარადგინა და რას ჰპირდება ის თბილისის მოსახლეობას

ვინ არის გიორგი ლილუაშვილი, ვინც დავით ნარმანიამ მის მოადგილედ წარადგინა და რას ჰპირდება ის თბილისის მოსახლეობას

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. როგორც დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გიორგი ლილუაშვილი "ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს".

"ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში. საჯარო სექტორში ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება კერძო სექტორში მის გამოცდილებას, ის გახლავთ "ქართუ ჯგუფის" წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე - შპს "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და ბანკ "ქართუში".

იხილეთ ვიდეო

მას გააჩნია ყველა უნარჩვევა და თვისება იმისთვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც მერის მოადგილის პოსტი ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც თბილისის განვითარებას და წინსვლას უკავშირდება", - განაცხადა ნარმანიამ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გიორგი ლილუაშვილთან მას 15 წლის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს და საჯარო სექტორში ერთად მუშაობდნენ.

"ბატონი გიორგი ლილუაშვილი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის წინ საჯარო სექტორში. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა პოლიტიკურ გუნდში. ბოლო პერიოდში ერთად ვიყავით და ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მე რამდენიმე კანდიდატს შორის ვიხილავდი გიორგის კანდიდატურასაც. საბოლოოდ, გუშინ გვიან გავაკეთეთ არჩევანი და დღეს წარვადგინე მისი კანდიდატურა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გიორგი ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ნდობის გამოცხადებისათვის. გიორგი ლილუაშვილის თქმით, გრძნობს, რომ ეს მისთვის დიდი გამოწვევაა და ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა, დიდი პატივია, მაგრამ ვგრძნობ რა ამ გამოწვევის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, აბსოლუტურად გავიზიარე შემოთავაზება და ამის შემდეგ მივიღე დადებითი გადაწყვეტილება. შევეცდები ყველანაირად გვერდით დავუდგე არსებულ გუნდს ბატონ დავითის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ასევე ახალი პროექტების შესამუშავებლად. ასე რომ, ჩემი ძალისსხმევითა და მუხლჩაუხრელი შრომით, შევეცდები წინ წავწიოთ ქალაქ თბილისის მართვის სისტემა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც დღეს გიორგი ლილუაშვილის წარდგენაზე თბილისის მერმა აღნიშნა, მისი ახალი მოადგილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად და განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.

წარდგენის შემდეგ გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება. მისივე თქმით, იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოგვარება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს.

"იმდენი პრობლემა დაგროვდა ქალაქში წინა დროიდან, რომ მათი ერთბაშად მოვგვარება ალბათ გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის. შევეცდებით ინფრასტრუქტურული პროექტები უმოკლეს ვადლაში დავასრულოთ, რაც დაწყებულია და კიდევ უფრო საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდება.

როგორც თბილისის მერის ახალი მოადგილე აცხადებს, ჯერჯერობით მის საკურატორო სფეროებში შევა გამგეობები, მერიის ადმინისტრაცია, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

როგორც მერიაში აცხადებენ, გიორგი ლილუაშვილის საკურატორო სფეროები საკრებულოს მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ უფრო დაზუსტდება.

თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."