დაიშლება თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნებამდე - ექსპერტები მმართველი გუნდის ძალებს აფასებენ

დაიშლება თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნებამდე - ექსპერტები მმართველი გუნდის ძალებს აფასებენ

იმაზე, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სია არ იქნება იმავე შემადგენლობის, როგორიც 2012 წელს იყო და მასში ვერ მოხვდება ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების გარკვეული ნაწილი, პოლიტოლოგები ერთხმად თანხმდებიან. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ არის შესაძლებლობა წინასაარჩევნოდ კოალიციის დაშლისა, თუმცა მათივე აზრით, კოალიციისთვის აჯობებს თუ არ დაიშლება, რადგან ამით ამომრჩეველთა ხმებს დაკარგავს.

14 იანვარს საგურამოში, გურამიშვილის მარანში გამართულ "ქართული ოცნების" საახალწლო შეკრებაზე ფრაქციის წევრებს თვით ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას, საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან, მაგრამ გუნდიდან არცერთი მათგანი არ გაირიყება.

კონკრეტულად ვინ შეიძლება "ნებით თუ უნებლიეთ გაუშვან" "ქართული ოცნებიდან"? პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გვპასუხობს: "მე არ ვადგენ "ოცნების" საარჩევნო სიას და ვერ გეტყვით, ვინ დატოვებს და ვინ დარჩება". თუმცა დასძენს, რომ "ხელოვანმა პოლიტიკოსებმა" პარლამენტი უნდა დატოვონ: "ზოგადად, პრობლემა ხელოვანის პოლიტიკაში მოსვლა კი არ არის, პრობლემა იმგვარი ხელოვანის მოსვლაა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც იმიტომ კი არ მოდის პოლიტიკაში, რომ ქვეყანა ააშენოს და სახელმწიფოს მიხედოს, მოდის იმიტომ, რომ საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესოს. სამწუხაროა, რომ ქართული რელობა ჩვენ ამის არაერთ მაგალითს გვაძლევს. ერთია, რა პროფესიის ადამიანი შედიხარ პოლიტიკაში და მეორე, იზრდები თუ არა პოლიტიკოსად. არავის არ ჰქონია მცდელობა, გაზრდილიყო პოლიტიკოსად. ამიტომაც მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. თუმცა პოლიტიკაში არის ისეთი ხელოვანების ადგილი, რომელთაც აქვთ პოლიტიკური მოტივაცია და რომლებიც მოვლენ იმისათვის, რომ მიხედონ საზოგადოებას", - ამბობს ლაგაზიძე.

ბოლო დღეებში, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნება" ინტელექტუალური კლუბის წევრების შეყვანას ცდილობს კოალიციაში, ლაგაზიძე ამბობს, რომ კარგია, როცა პარტია ცდილობს გუნდში ჭკვიანი ხალხის მიღებას, "მაგრამ მეორეა, რა არეალს მისცემ მათ მოღვაწეობისთვის. სიაში ჭკვიანი ადამიანი მარიონეტად კი არ უნდა გინდოდეს, რომელიც საპარლამენტო ხმებს მოგიტანს და მერე ისევე გაუფერულდება და ისეთივე დაღდასმული გახდება, როგორიც დღევანდელი დეპუტატების უმრავლესობაა, უნდა გინდოდეს საკანონმდებლო საქმიანობისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის", - ამბობს პოლიტოლოგი.

შესაძლოა თუ არა "ქართული ოცნება" დაიშალოს არჩევნებამდე? ლაგაზიძის თქმით, "კოალიციაში შემავალი პარტიების მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულს ქვემოთ. გამონაკლისი შეიძლება იყოს ერთი-ორი პარტია, მაგრამ მათი რეიტინგი მისცემს თუ არა 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალებას, ამის თქმა ამ წუთას გამიჭირდება".

კოალიციაში შესაძლო რღვევაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს. მისი თქმით, კოალიციის დაშლა "ქართულ ოცნებას" რაიმე სარგებელს არ მოუტანს. "სწორი იქნებოდა დაშლილიყო გასული წლის შემოდგომაზე, ახლა უკვე საარჩევნო წელი დაიწყო და ბუნებრივია, ოპოზიცია ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. არის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი: კოალიციამ ამ შემადგენლობით მაინც მიაღწია იმას, რომ ქვეყანაში გარკვეული სტაბილური ვითარება შეინარჩუნა, სხვა საკითხია, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" თავისუფალი ადგილები გაჩნდება. კოალიციაში არიან სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები, ამიტომ ბუნებრივია მათ შორის კომფორტული ურთიერთობა ყოველთვის ვერ იქნება, თუმცა ეს გრძელდება უკვე ოთხი წელია და მიუხედავად ამისა, ისინი ერთიანობას ინარჩუნებენ".

"თუ კოალიცია დაიშლება, მასში შემავალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შესაძლოა ბარიერი ვერ გადალახონ, მაგრამ ხმებს ხომ წაიღებენ? ეს ხმები კი, არც "ნაციონალებს" მოაკლდება და არც სხვა ოპოზიციას, მოაკლდება "ქართულ ოცნებას", ამაშია საქმე", - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, საარჩევნო სიის გადახალისებისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომელთაც საზოგადოებრივი ცხოვრების და გარკვეულწილად პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება აქვთ:

"რომ გითხრათ, დღეს "ქართულ ოცნებაში" სპორსტსმენები და მსახიობები არაფერს აკეთებენ და დანარჩენი საქმით თავს იკლავს, ასე არ არის, თქვენც ხომ მშვენივრად ხედავთ თუნდაც იმ დებატებიდან, რომელიც პარლამენტში იმართება, ვინ არის ხოლმე წამყვანი. კოალიციაში ვიღაც რომ შესაცვლელია გასაგებია, მაგრამ საიდან მოიყვანენ კადრებს, ეს არის მთავარი. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა კაცია, არა მგონია ვინმეს გაუკვირდეს, რომ ის იყოს საპარლამენტო სიაში იმიტომ, რომ ის ამ საქმიანობას კარგა ხანია ეწევა, პოლიტიკის სფერო აინტერესებს და ეს არის მნიშვნელოვანი, ხოლო თუ ადამიანს კანონის წაკითხვა ეზარება, როგორი კანონშემოქმედებითი იქნება, თავად წარმოიდგინეთ", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."