ჩვენი ქალაქი ბევრ საიდუმლო ამბავს ინახავს. თბილისში რამდენიმე ძველი, ლამაზი სახლია, რომელთაც ძალიან საინტერესო ისტორიები უკავშირდება.
ღვინით აშენებული სახლი
შენობა, რომელიც თბილისის მთავარი პროსპექტის, რუსთაველის გამზირის (ყოფილი გოლოვინის პროსპექტის) 37 ნომერში მდებარეობს, თბილისური მოდერნის ყველაზე გამორჩეული ძეგლია და 1912-15 წლებში აშენდა. არქიტექტორი წარმოშობით პოლონელი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება, გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა და შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით გამშვენებული ბაღი ჰქონდა.
გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისელმა კომერსანტმა მელიქ-აზარიანცმა გადაწყვიტა, ზემელზე აეშენებინა სახლი. სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა უნდა ჰქონოდა. მან არქიტექტორს პროექტის გაკეთება დაავალა, შერჩეულ ადგილას მცხოვრებთ კი 300-300 ოქრო შესთავაზა - ოღონდ აქედან გადასახლდითო. ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა მეწაღისა, რომელიც არაფრის დიდებით არ თმობდა ჯიხურს. აზარიანცმა ვერც 500 ოქროდ შეძლო მისი დაყოლიება და არქიტექტორიც იძულებული გახდა, თავისი ჩანაფიქრი - მოედნის მხარეს სახლის მომრგვალებული კედელი სწორი კედლით შეეცვალა.
თურმე იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა დასრულებული არც კი ჰქონდა, რომ მთავრობამ წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მის მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა. მაშინ ღვინო ძალიან იაფი ღირდა. ამბობენ, გლეხებისაგან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა და მშენებლობისას წყლის მაგივრად ღვინო იხმარაო.
მშენებლობისას კავკასიაში პირველად გამოიყენეს უნიკალური ტექნოლოგია: საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში ჩაისვა, რომელმაც მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა შენობა. კედლები კი საგანგებოდ გამომწვარი აგურით აშენდა. ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცმა გარდაცვლილი 25 წლის ქალიშვილის ხსოვნის ნიშნად გააკეთებინა.
ჩვენამდე მოღწეული გადმოცემის თანახმად, მელიქ აზარიანცს უცხოელი მსახიობი თუ მომღერალი ქალბატონი შეჰყვარებია, რომელსაც ახლანდელ ჯავახიშვილის ქუჩაზე სახლი აუშენა. მისი მეუღლე თურმე ძალიან ეჭვიანობდა ქმარზე და იმ ქალბატონს რომ არ სტუმრებოდა, მეთვალყურეები მიუჩინა... ამბობენ, რომ აზარიანცმა, თავისი სახლის სარდაფიდან საყვარლის სახლამდე მიწისქვეშა გვირაბი გაიყვანა, რომელიც იმდენად ფართო იყო, რომ სატრფოს მოსანახულებლად ფაეტონით მიდიოდა. გვირაბი საყვარლის სახლთან, რუსთაველის მეტროს გაყოლებაზე მდებარე სახლებს შუა, ერთ პატარა შიდა ეზოში ამოდიოდა...
საქართველოში ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, მელიქ-აზარიანცი თბილისში დარჩა. ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც დარჩენილი სიცოცხლე სიღარიბეში გაატარა. წლების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი კაცი მეგობრების შეგროვებული ფულით დაკრძალეს.