რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია - ეს იმ მიმართულებათა ჩამონათვალია, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამის მიზეზი სოციალური სტატუსი და, დასაქმების შემთხვევაში, მაღალი ანაზღაურების ხიბლია. ამ ფონზე კი თანდათან უკანა პლანზე გადადის რიგი ტექნიკური თუ ჰუმანიტარული მიმართულებების ფაკულტეტები. უნივერსიტეტებიც აქცენტს ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე აკეთებენ.

2015-2016 სასწავლო წელს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 820 აბიტურიენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები კონკურსია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რამდენადაც, ეს მიმართულებები ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებასა და კვლევაზეა ორიენტირებული და მათ ე.წ. გამოყენებითი ხასიათი არ აქვთ. თუმცა, აქვე იმასაც აცხადებენ, რომ სახელმწიფო პრიორიტეტული მიმართულებების პროგრამული დაფინანსების შედეგად, კონკურსები ამ მიმართულებებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია მოთხოვნადი ფაკულტეტების ჩამონათვალი თითქმის უცვლელია და მიმართულებების მცირე ნაწილი გარკვეულ კრიზისშია.

"რაღაც მიმართულებები გარკვეულ კრიზისშია, ცხადია. ყოველთვის არის უფრო მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი ფაკულტეტები. არჩევანის გაკეთებისას დასაქმების პერსპექტივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იყო დრო, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ითვლებოდა, რომ იცოდნენ ზუსტად რამდენი ექიმი, ეკონომისტი, ინჟინერი თუ მასწავლებელი სჭირდებოდათ და სწორედ იმდენს ამზადებდნენ. ამ პრაქტიკამ არ გაამართლა და მე მგონი, იგივე პოლიტიკის განმეორება არ ღირს. ქვეყანას რომ ნამდვილად სჭირდება ინჟინერი, ვიცი, მაგრამ რამდენი? არ ვიცი", - აღნიშნავს ივა მინდაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უფასო გახდა გარკვეული მიმართულებები, მათი პოპულარობა გაიზარდა. "სახელმწიფო ცდილობს, რომ ერთგვარი ლობირება გაუკეთოს, ირიბად ხელი შეუწყოს ამ დარგებს სტუდენტების მოზიდვაში, ასე ვთქვათ, ჩრდილში არ მოექცეს საინჟინრო, აგრარული თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები", - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მიმართულება ნაკლებად ხელმისაწვდომია. "მაგალითად, ბევრ უნივერსიტეტში ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება, მაგრამ ცოტაში - ტექნიკური მეცნიერებები თუ საინჟინრო საქმე". მისი თქმით, არჩევანს ეკონომიკური ინტერესი, ხარისხის შესახებ წარმოდგენა და საზოგადოების მიერ ამ პროფესიების აღიარება განსაზღვრავს.

"მაგალითად, მასწავლებელი არ ითვლება იმდენად წარმატებულად, რამდენადაც თუნდაც, იურისტი. შესაბამისად, უფრო პოპულარულია გახდე იურისტი, ვიდრე ზოგიერთი სხვა პროფესიის წარმომადგენელი", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, პრობლემა ხშირად ის კი არ არის, რა ხარისხის განათლებას მიიღებს სტუდენტი ან დასაქმდება თუ არა შემდგომში, არამედ ის, რომ ჰქონდეს სტატუსი. მისი აზრით, გარკვეული სოციალური სტატუსის ტარება ბევრ ახალგაზრდას ხიბლავს.

ჯანაშია აღნიშნავს, რომ უფასო მიმართულებების პოპულარობის გაზრდა მათ მიმართ ინტერესის მომატებას სულაც არ ნიშნავს.

"შინაგანი ინტერესი არ გაზრდილა, უბრალოდ, უფასო გახდა და ამან განაპირობა მათ მიმართ ინტერესი. ჩემთვის გაუგებარია, რა პრიორიტეტებით მოხდა ამ მიმართულებების შერჩევა, რაღაც ნაწილს აქვს ეკონომიკურ შედეგზე გათვლა, დანარჩენი კი კითხვის ნიშანს ტოვებს და ჩნდება ეჭვი, რომ უფრო ლობირების შედეგია მათ აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვედრა, სხვა ახსნის პოვნა რთულია", - აცხადებს ექსპერტი განათლების საკითხებში.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია