პროკურორის კომენტარი ე.წ "კაბელების საქმეზე"

პროკურორის კომენტარი ე.წ "კაბელების საქმეზე"

დაცვის მხარე იაფფასიანი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ბრალდებულების ადვოკატების იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმეს დაერთო დოკუმენტი, რითიც დასტურდება, თითქოს საქმის ფიგურანტი "სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს ბევრად იაფფასიან ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას სთავაზობდა, ვიდრე "დელტაკომი", რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ეს დოკუმენტი კი - საქმეზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. "მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დაცვის მხარე დიდ გასაჭირში აღმოჩნდა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად გაავრცელეს ადვოკატებმა, შეთავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია "დელტა კომს" არამედ სხვა კომპანიას - "დელტა ნეტს". მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ შპს "დელტა ნეტი" არის "დელტაკომისგან" დამოუკიდებლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფულადი ანაზღაურების პირობით სარგებლობს "დელტაკომის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით და ინტერნეტ ბაზარზე აქვს განსხვავებული ფუნქციები, ინტერესები და საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, "დელტა ნეტი", რომელიც არ არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მესაკუთრე, სამინისტროს სხვის საკუთრებას უფასოდ ვერ შესთავაზებდა. ასეთი შეთავაზება, რაც მოიცავს მაგისტრალის მომსახურებაში გადაცემას, გაკეთებული აქვს თავად "დელტაკომს" მაგისტრალის მესაკუთრეს.

გარდა ამისა, შეთავაზება შეეხება ინტერნეტმომსახურებას, რომელიც საერთოდ არ არის სილქნეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი. ამდენად, დაცვის მხარის მიერ ბოლო დღეებში საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე, რადგან წერილი, რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ასე აქტიურად ავრცელებს დაცვა, ეხება სრულიად სხვა კომპანიას, სრულიად სხვა პერიოდს და თვისობრივად სხვა მომსახურებას", განაცხადა აღლემაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის საქმეში არსებობა საქმის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ