რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოკლული თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პედოფილიაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნული ეპიზოდი ნახსენებია ლიტვინენკოსა და პუტინს შორის დაპირისპირების კონტექსტში. საუბარია სტატიაზე სახელწოდებით "კრემლის ჩიკატილო", რომელიც ლიტვინენკომ გამოცემა Chechenpress-ში 2006 წლის 5 ივლისს გამოაქვეყნა. სტატია ვლადიმერ პუტინის ტურისტებთან შეხვედრის აღწერით იწყება, როცა მან პატარა ბიჭს მოულოდნელად მუცელზე აკოცა. ეს შემთხვევა ლიტვინენკომ პუტინის პედოფილიით ახსნა, რომლის შესახებაც, ლიტვინენკოს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ანდროპოვის ინსტიტუტში ვლადიმერ პუტინის სწავლის დროს გახდა მისი ხელმძღვანელებისთვის ცნობილი. ლიტვინენკო წერდა, რომ წლების შემდეგ, როდესაც პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი გახდა და პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, მან იმ კომპრომატების მოძიება და განადგურება დაიწყო, რომელსაც უშიშროების სამსახური მის შესახებ ადრეულ წლებში აგროვებდა. სწორედ მაშინ იპოვა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკოს "მკვლელობა, ალბათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობით განხორციელდა". გამოძიებამ დაადგინა, რომ რადიოაქტიური პოლონიუმი ლიტვინენკოს ჩაის ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი რუს ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსაც აქვს. რუსეთი ლუგავოისა და კოვტუნის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო.