"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა

"მე ბავშვობა არ მქონია..." - ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებზე მზრუნველი ბიჭის დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა გამოთქვა

15 წლის გიორგი ცხადიაშვილის ბავშვური ოცნებები წლებია ყოველდღიურმა სირთულეებმა შეცვალა. თანატოლებისგან განსხვავებით, მასზე მშობლები არ ზრუნავენ, პირიქით, მოზარდი თავად ზრუნავს და ინახავს დედ-მამას. გიორგი სოფელ დიღომში ეტლს მიჯა­ჭვულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უფასო სასადილოდან გიორგის მოტანილი ყოველდღიური ულუფით იკვებება. თავად მოზარდი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს მშობლებზე მზრუნველობის გამო და ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. "PALITRANEWS"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, გიორგიმ გადამღებ ჯგუფს თავისი სამი ოცნების შესახებ გაუმხილა: მშობლების გამოჯანმრთელება, სკოლის ატესტატის აღება და სამსახურის დაწყება...

ცხადიაშვილები ნათესავის ბინაში, საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ოჯახის ტრაგედია 2008 წელს დაიწყო, როცა გიორგის დედა სარეცხის გაფენის დროს აივნიდან გადავარდა. მიღებული ტრავმის გამო უკვე წლებია, 40 წლის ნინო მჭედლიშვილი ეტლსაა მიჯაჭვული. გასულ წელს მის მეუღლეს, რობერტ ცხადიაშვილს ინსულტი დაემართა, რამაც საუბრისა და მოძრაობის უნარი შეუზღუდა.

იხილეთ "PALITRANEWS"-ის სიუჟეტი ცხადიაშვილების ტრაგედიაზე

ცხადიაშვილების ოჯახზე რეპორტაჟი "PALITRANEWS"-ის ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა მოამზადა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდის დახმარების სურვილი უკვე ათობით ადამიანმა გამოთქვა: "გიორგის მამაც და დედაც უკეთილშობილესი ადამიანები არიან. ისინი თავს დამტყდარ ტრაგედიას არ გაუბოროტებია, განიცდიან, რომ მათი შვილი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებს და მშობლების ავადმყოფობის გამო, ბავშვობა დაკარგა. დამხმარე არავინ ჰყავთ, ნათესავებიც იშვიათად ჩნდებიან მათთან სახლში. სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსია კი ძვირადღირებულ წამლებსა და საკვებზეც არ ჰყოფნით.

სიუჟეტს ასობით კომენტარი მოჰყვა "ფეისბუქზე" და საიტზე. რიგითი ადამიანები ცხადიაშვილების კოორდინატებს ითხოვდნენ და მათი დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელს პირადად ვესაუბრე და ისინი ოჯახს პროდუქტებით დაეხმარებიან. დახმარების მსურველებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ მყოფი ქართველები. ემიგრანტები ანგარიშის ნომერს ითხოვენ, რომ ფულადი დახმარება გაუგზავნონ ცხადიაშვილებს.

ვფიქრობ, რომ მთავარ მიზანს, მიგვეწვდინა ხმა ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ მცირედით მაინც დაეხმარონ ცხადიაშვილებს, მივაღწიეთ. სოციალურ თემას "PALITRANEWS"-ის ეთერით ხშირად ვაშუქებთ და მომავალშიც განვაგრძობთ იმ ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანას, ვინც გაჭირვებულ ოჯახების დახმარებას შეძლებს", - გვითხრა თორნიკე ყაჯრიშვილმა.

სიუჟეტს გამოეხმაურნენ სოციალური მომსახურების სააგენტოდანაც. მათი ინფორმაციით, ცხადიაშვილების ოჯახთან სააგენტო 2014 წლის წლიდან მუშაობს. მათი ინფორმაციით, ოჯახს შესთავაზეს სათემო ორგანიზაციაში გადაყვანა ქალაქ სიღნაღში და გიორგის განთავსება ტერიტორიულად ახლო მდებარე მიმღებ ოჯახში, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლების საჭიროებები. თუმცა, ცხადიაშვილებმა უარი განაცხადეს სააგენტოს ამ შეთავაზებაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად, გიორგი ირიცხება დღის ცენტრში, სადაც ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით. თუმცა, ბავშვი არც აღნიშნული დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობს. სავარაუდოდ, მოზარდი დიდი ხნით მშობლების დატოვებას ვერ ახერხებს.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო იუწყება, რომ აქტიურად აგრძელებს ოჯახთან მუშაობას და იმედოვნებს, რომ ბავშვი მოწყდება ქუჩას და ჩაერთვება მისი ასაკისათვის შესაფერ აქტივობებში.

PALITRANEWS და AMBEBI.GE მომავალში აუცილებლად დაინტერესდება გიორგის და მისი მშობლების მდგომარეობით.

ცხადიაშვილების დახმარების მსურველებს, ოჯახთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე: 551 09 52 80

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია