ავტორი:

სად ინახება წმინდა ნინოს ჯვარი - საინტერესო ცნობები სიწმინდის შესახებ

სად ინახება წმინდა ნინოს ჯვარი - საინტერესო ცნობები სიწმინდის შესახებ

საქართველოში ბევრი სიწმინდეა თავმოყრილი, მათ შორისაა, წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც თბილისის სიონის ტაძარში ინახება.

წმიდა ნინო თორმეტი წლიდან იერუსალიმში, უფლის საფლავთან ახლოს, ღვთისმოშიშ სარა ბეთლემელის მორჩილებაში იზრდებოდა. სწორედ სარასგან შეიტყო, რომ უფლის კვართი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში იყო. იმის მერე ღვთისმშობელს ევედრებოდა, რომ მისთვის უფლის წმიდა სამოსი გამოეჩინა. ვედრება შეისმინა ღმერთმა და ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, იგი საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა. ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული განსაცდელისაგან უნდა დაეცვა. მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ თმა მოიკეცა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით სავსე, საქართველოსკენ წამოვიდა...

ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ინახებოდა. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ თავისი შვილი ბაქარი აკურთხა. ჯვარი ქალაქიდან და ქვეყნიდან ბევრჯერ ყოფილა გატანილი. ამ მოძრაობისას გარდიგარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.

V საუკუნეში ის წმიდა შუშანიკთან (საქართველოს აღმოსავლეთ პროვინციის - რანის მმართველის მეუღლესთან) აღმოჩნდა, რომელმაც სიკვდილის წინ ჯვარი თავის მოძღვარს, ანდრიას საქართველოში წამოსაღებად გადასცა, მაგრამ ანდრია იძულებული გახდა, ჯვრიანად სომხეთში დარჩენილიყო. გადმოცემის თანახმად, ჯვარი ქალაქ ანის აღებამდე, სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და მონასტერში ინახებოდა. დავით აღმაშენებელმა ჯვარი მცხეთას დაუბრუნა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში წმიდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა. მეფე ვახტანგ III-მ (1301-1307 წლები) მისთვის სახატე გააკეთებინა, რომელზედაც აღბეჭდილია წმიდანის ცხოვრების ექვსი შემთხვევა...

XVII-XVIII საუკუნეებში, მტრების შემოსევის დროს, ჯვარი მთებში გადაიტანეს, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. 1749 წელს ჯვარი წმიდა ნინოს ხატით საცავიდან თბილისის მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) წაიღო და თავის დას მოსკოვში, სეფე-წულის ბაქარ ვახტანგის ძის მეუღლეს მიართვა. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს 1688 წელს საქართველოდან გაუტანია. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. შემდეგ წმიდა ნინოს ჯვარი სოფელ ლისკოვოში ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი ამ უკანასკნელს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, მას კი საქართველოსთვის კუთვნილი განძი დაუბრუნებია. დღეს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. ჯვარს თავისი საბრძანებელიდან წელიწადში ორჯერ, ყოველ ნინოობას გამოაბრძანებენ: 27 იანვარს და 1-ელ ივნისს, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება ჰქონდეთ.

მომზადებულია "სიონის ტაძრის მცირედი ცნობარის" მიხედვით

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე