ქართველი დიზაინერის ამერიკული ოცნება - გზა დარაჯობიდან თეთრი სახლის საპატიო სტუმრობამდე

ქართველი დიზაინერის ამერიკული ოცნება - გზა დარაჯობიდან თეთრი სახლის საპატიო სტუმრობამდე

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა ამერიკაში მოღვაწე ქართველ დიზაინერზე - იური შუბლაძეზე საინტერესო სტატია მოამზადა. შუბლაძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა, წლების წინ საქართველოდან წავიდა და ამჟამად ნიუ იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

"წელიწადში ორჯერ ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის მზადება - სამსახური თავად რალფ რუჩისთან, რომელიც ამ ქალაქში ერთადერთ "ოტ-კუტურ" ტანისამოსს ქმნის. "იური ფრომ ჯორჯია" - მოგმართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მეუღლესთან ერთად, ყოველ წელს თეთრ სახლის საშობაო ვახშამზე გპატიჟებს - ასეთია ამერიკული ცხოვრება დღეს. წარსულში დარჩა ის იური, რომელიც ხან მშენებლობაზე, ხან კი დარაჯად მუშაობდა.

იური შუბლაძე: "თეთრ სახლში პირველად 2013 წელს მოვხვდი. იქ წლის განმავლობაში რამდენიმე წვეულება იმართება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის, რომლებიც დაკავშირებული არიან საარჩევნო კამპანიასთან. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ობამას შევხვდი და ხელი ჩამოვართვი. ძალიან დავიბენი, ვერაფრის თქმა მოვახერხე. "იური, როგორ ხარო," ასე მომმართა. მეორე და მესამე წელს უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ძალიან ბედნიერი ატმოსფეროა, ტკბილეულით გაშლილი მაგიდაა და ყვავილებით ულამაზესად მორთული ინტერიერი. მახსოვს, ობამამ იხუმრა, ჩანგლები არ მოიპაროთო. ამაზე ყველას გაეცინა.

ამერიკის ხმა: მხოლოდ ჩანგლები, თუ დანებიც?

იური შუბლაძე: მარტო ჩანგლები (იცინის).

ის ამერიკაში 2000 წლიდან ცხოვრობს. საქართველოში პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო უწყებაში მუშაობდა და რადიკალურად განსხვავებული საქმიანობით, ყუმბარსატყორცნების შეკეთებით იყო დაკავებული. ბიოგრაფიის ეს ნაწილი მაშინ დასრულდა, როდესაც რალფ რუჩიმ ნიუ-იორკის მოდისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ატელიეში გაუწია რეკომენდაცია.

იური შუბლაძე: "მე თუ მკითხავთ, ქალი უფრო ძლიერი იარაღია. ემიგრაციაში ყოფნისას მომინდა, ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი, ქალისთვის ისე ჩამეცვა, როგორც მე წარმომედგინა. ამიტომ ჩავაბარე ნიუ-იორკის მოდის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. რუჩისთან პირველ გასაუბრებაზე რომ მივედი, გამომკითხა, ვინ ვიყავი და რას ვსაქმიანობდი; მკითხა, როგორ მოხდა, რომ სამხედრო საქმიდან ფეშენში მოხვდი; მითხრა, რას აპირებ, თავდასხმა ხომ არ უნდა მოაწყო ჩვენზეო."

რუჩისთან სამწლიანი თანამშრომლობა დასრულდა. დღეს, იური შუბლაძეს მანჰეტენზე საკუთარი სტუდია აქვს, სადაც ხელით შექმნილი აქსესუარების, კლაჩებისა და სხვა ნივთების ფასი 750 დოლარიდან იწყება.

იური შუბლაძე: "თითოეულ კლაჩზე ანგელოზი, ან ღვთისმშობელია გამოსახული. ჩავთვალე, რომ თუ ვატარებთ ჯვარსა და მედალიონს რომელიმე წმინდანის გამოსახულებით, რატომ არ შეიძლება, მათი გამოსახულება აქსესუარზეც დავიტანოთ. ეს თემა მოდის ინდუსტრიაში მანამდეც იყო, მაგალითად ვერსაჩეს, დოლჩე და გაბანასა და გოტიეს შემოქმედებაში. მე მათ, რა თქმა უნდა, არ შევედრები. ეს შემკვეთზეცაა დამოკიდებული. ხაზს უსვამს შენს გემოვნებას. მოეწონება მას, ვისაც უყვარს, იყოს განსხვავებული."

თებერვალში იური შუბლაძის აქსესუარების კოლექცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულის "თრეიდ- შოუზე" გადის, რომელსაც ძირითადად მყიდველები, იგივე ბაიერები, ესწრებიან. თებერვლის "ვოგის" ნომერში, სხვა ცნობილ დიზაინერთან ერთად, მისი პროფილიც იქნება წარმოდგენილი. რალფ რუჩიმ მას ავტობიოგრაფიულ წიგნში სპეციალური ჩანაწერი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ იური კვლავ მასთან იმუშავებს. რა რჩევას მისცემდა იური შუბლაძე დღეს, ნიუ-იორკში ჩამოსულ ახალ ემიგრანტებს: "2000 წელს, როდესაც აქ ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს შენთან ინტერვიუზე ვიჯდებოდი. მაშინ ქართული დიასპორა ასეთი ძლიერი არ იყო. პირველი თვეები საშინლად მახსენდება. გგონია, რომ ენა იცი. ამ დროს არ იცი. არ იცი, რა გინდა და დაბნეული ხარ. ახალ ემიგრანტს ვეტყოდი, რომ არასოდეს, არასოდეს დანებდეს. და იოცნებოს! აუცილებლად იოცნებოს! ეს ქვეყანა საშუალებას გაძლევს, რომ აიხდინო შენი ოცნება."

იური შუბლაძეს საკუთარი ამერიკული ოცნება აუხდა.

წყარო: www.amerikiskhma.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია