"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

"ვის სად გაექცა ენა სოციალურ ქსელში, ეს ჩემი პრობლემა არ არის" - რას ყვება უშგულის სასტუმროს მფლობელი, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები ცხოვრობდნენ

დიდთოვლობისა და გზაზე ჩამოწოლილი ზვავების გამო უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი წუხელ გვიან ღამით მესტიაში ჩაიყვანეს, საიდანაც ისინი გუშინვე თბილისში დაბრუნდნენ. გავრცელდა  ინფორმაცია, რომ გადამღებ ჯგუფს საკვები და მედიკამენტები არ ჰქონდათ და იყინებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად  ambebi.ge მესტიის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბრალდებები, რომელიც მის მიმართ გამოითქვა, საფუძვეს მოკლებულია. დეპუტატი განმარტავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უშგულთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოების შესრულება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო, შეიძლებოდა მექანიზატორების სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. მისივე განცხადებით, უსაფუძვლოა განცხადება იმის შესახებაც, თითქოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადამღებ ჯგუფს ხელს არ უწყობდა - მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფილმის გადაღებისთვის ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 15 000 ლარიც კი გამოყო.

- ბატონო ვიქტორ, რამდენი დღის განმალობაში ვერ ახერხებდა გადამღები ჯგუფი უშგულიდან გამგზავრებას და რა გახდა შეფერხების მიზეზი?

- მათ ოთხშაბათს დაასრულეს გადაღების პროცესი, ხუდშათათს და პასასკევს გზა დაკეტილი იყო, შაბათს კი უკვე მოხერხდა მათი მესტიაში ჩამოყვანა. ამ გზის მოვლა-შენახვის ვალდებულება აქვს კომპანია Newconstraction-ს, რომელმაც ეს უფლება რამდენიმე წლის წინ ტენდერით მოიგო. სათქმელია ისიც, რომ კომპანია დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულობს, მათ არ გააჩნიათ სათანადო ტექნიკა სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად.

სოფელ უშგულისა და სოფელ კალას გზის მონაკვეთზე ჩამოწვა ზვავი, რომელმაც შეაფერხა მოძრაობა. აგრეთვე მოსალოდნელი იყო, რომ კიდევ განმეორდებოდა ზვავი და აღნიშნულის გამო გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლებელი იყო გაწმენდითი სამუშაოების დაუყოვნებლივ წარმოება, რადგანაც არავის აქვს უფლება მექანიზატორს უბრძანოს სამუშაოების წარმოება და ამით საფრთხეში ჩააგდოს მისი სიცოცხლე. მექანიზატორმა მითხრა, რომ ვერ გაივლიდა ამ გზას ზვავსაშიშროების გამო, მაინც ვთხოვე, რომ იქნებ ეცადა, მან კი მკითხა, გავუშვებდი თუ არა საკუთარ შვილს ასეთ სახიფათო სამუშაოზე, რა პასუხი უნდა გამეცა? რა უფლება მაქვს ამ დროს დავაძალო და მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდო?

ახალი ამბავია, რომ უშგულში თოვლი მოვიდა? თბილის ქუთაისის გზა არ იყო დაკეტილი? რიკოთი არ დაიკეტა? აჭარაში არ იყო იგივე პრობლემა? ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში უკვირთ დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო გზაზე მოძრაობის შეფერხება?

- გადამღები ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ თქვენ დარეკეთ იმ ოჯახში, სადაც ჯგუფი იყო დაბინავებული და უხეშად ელაპარაკეთ...

- ესეც სიცრუეა, მე ვთხოვე დაელაპარაკებინათ ჩემთვის ის ქალბატონი, რომელთანაც იყვნენ დაბინავებულები. ვუთხარი ამ ქალბატონს, რომ ვერ დავიჯერებდი, თითქოს გადამღები ჯგუფის წევრებს რამეს აკლებდნენ, მაგრამ ყველა ხარჯს მე ავიღებდი საკუთარ თავზე და მათთვის არაფერი მოეკლოთ. ამ ქალბატონმა იუარა, მითხრა, რომ ყველაფერი ჰქონდათ და კუბდარით დაწყებული ხორცით დამთავრებული არაფერი არ აკლდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, უშგულში იყვნენ და იქ საჭმელს არ აჭმევდნენ? ამას ვინ დაიჯერებს, ეს არის მათი სიმართლე. გარდა ამისა, ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი თვითონ უშგულიდანაა, ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მის სოფელში ჰყავდა ჯგუფი ჩაყვანილი და საკვების პრობლემა შეექმნათ? ეს ხომ მარიამის შეურაცხყოფაცაა? კარგი, ვთქვათ ჩვენ ყველა ცუდები ვართ, დავიჯერო, რომ მარიამმა ეს ადამიანები საკუთარ სოფელში უყურადღებოდ დატოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს ადამიანები თავიანთი განცხადებებით თავს ჭრიან უშგულს და მთელ სვანეთს.

- გადამღები ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ თქვენ მათ აგრესიულად ესაუბრებოდით, გარდა ამისა, განუცხადეთ, რომ ისინი თქვენ სვანეთში არ მიგიწვევიათ...

- დიახ, მე ნამდვილად არ მიმიწვევია ეს ადამიანები, მაგრამ ვგულშემატკივრობდი ამ ფილმის გადაღების პროცესს. ვთხოვე, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო უშგულში წასვლა გადაედოთ, მათ არ დამიჯერეს. რა ეგონათ სად მიდიოდენ? სვანეთია ეს, უშგული, 2400 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კლიმატური პირობები ხან როგორ იცვლება და ხან როგორ. ხომ უნდა ჰქონოდათ რაღაც ინფორმაცია მაინც არა? ჩვენ არ დაგვიჯერეს.

გარდა ამისა, მათთან მაშველებიც გაემგზავრენ, საშინელ ამინდში გზის დაკეტილი და ზვავსაშიში მონაკვეთი ფეხით გაიარეს და რომ ნახეს იქ არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაშველებმა არ გარისკეს ზვავსაში ზონის კვლავ გავლა და ამ ადამიანების გამოყვანა, რადგან არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა და არავის სიცოცხლეს უშგულში საფრთხე არ ემუქრებოდა. ჯგუფის წევრებმა თქვეს რომ უბრალოდ წასვლა უნდოდათ..

გადმოყვანის პროცესშიც ორჯერ ჩამოწვა ზვავი, აგრეთვე გაფუჭდა მექანიზატორი, რომელსაც -30 გრადუს ყინვაში არემონტებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მექანიზატორებმა მაინც შეძლესს გზის გახსნა და მოახერხეს ამ ჯგუფის გადმოყვანა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

- გადამღები ჯგუფის წევრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რაიონის გამგებელი უყურადღებობაში დაადანაშაულეს...

- ეს ისევე შეესაბამება სიმართლეს, როგორც სხვა დანარჩენი. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფილმის გადაღების პროცესის დასახმარებლად 15 000 ლარი გამოყო. დაინტერესებულები რომ არ ყოფილიყვნენ ამას გააკეთებდნენ? ვალდებულები იყვნენ თუ რა?

მე მაინტერესებს რამდენმა მათგანმა მიაკითხა საავადმყოფოს, ხომ ამბობდნენ ძალიან ცუდად ვართო? რატომ არ მიაკითხეს მესტიის ან ზუგდიდის საავადმყოფოს? იმიტომ, რომ იტყუებოდნენ!

ambebi.ge იმ საოჯახო სასტუმროს მფლობელს დაუკავშირდა, სადაც გადამღები ჯგუფის წევრები იყვნენ დაბინავებულები. როგორც ლაერტ ჩარკვიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა ჯგუფს უშგულში ყოფის დროს საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

"საკვების პრობლემა მათ ჩვენთან ყოფნის დროს არ ჰქონიათ. ვიქტორ ჯაფარიძე ნამდვილად დაუკავშირდა ჩემს მეუღლეს და იკითხა, ნამდვილად იყო თუ არა ეს პრობლემა. ჯგუფის წევრებს ალბათ ერიდებოდათ იმის გამო, რომ ჩვენ მათ ფულს არ გამოვართმევდით. გზა რომ იკეტება უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს არ ვახდევინებ დამატებით ხარჯებს და ქართველებს როგორ გამოვართმევდი. ვის სად გაექცა თითი სოციალურ ქსელში და ვის სად გაექცევა ენა ეს ჩემი პრობლემა არ არის", - განაცხადა ლაერტ ჩარკვიანმა.

ჩვენ უშგულის სამედიცინო პუნქტის ექიმ ელენე პირველსაც დავუკავშირდით და უშგულში ყოფნის დროს ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. ელენე პირველის განცხადებით, იგი ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა გადამღებ ჯგუფს და სამედიცინო მომსახურების გაწევა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე დღეს კი ისინი საკუთარი ინიციატივით მოინახულა და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.

"მე დამირეკეს მესტიის რაიონის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ზამირ რატიანმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ელისო ზურებიანმა. მითხრეს, რომ უშგულში გადამღები ჯგუფის წევრები ავად იყვნენ. მე დავურეკე ამ ადამიანებს და შევთავაზე სამედიცინო დახმარების გაწევა, რაზეც მათ უარი თქვეს. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება და წამლები გვინდაო, ხოლო რა წამლებიც ჩვენ გვჭირდება თქვენ არ გაქვთო. მეორე დღეს მაინც მივედი მათთან და გვუწიე პირველადი დახმარება. მესტიის გამგეობამაც მიაწოდათ მედიკამენტები. ჩვენ ვნახეთ სამი პაციენტი, ერთი პაციენტი იყო არტერიული ჰიპერტენზიით და ორი ვირუსული ინფექციით", - განაცხადა ელენე პირველმა.

ლაშა ჯაფარიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია