ლევან მურუსიძე - ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს

 ლევან მურუსიძე - ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს

"ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს" - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნულმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი საქმიანობის საპროტესტოდ მართლმსაჯულების სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება, შენობის გარეთ კი აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ პლაკატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსახულებით და მოითხოვენ საბჭოს შემადგენლობის შეცვლას.

როგორც მურუსიძე აცხადებს, მზად არის ამ თემაზე დაინტერესებულ პირებთან ისაუბროს და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. "ბევრი რამ ითქვა ჩემთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ვამბობდი და ვამბობ, რომ თუ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სისხლის სამართლის სპეციალისტებით და გავიაროთ ეს საკითხი. მე ვამბობ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. ასევე წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება - თუ იქ სადმე წერია, რომ უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ დავილაპარაკოთ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისი თქმით, მას აქვს ინტერესი, რომ იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. "მსგავსი ტიპის ჭორები კი ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურად ფუნქციონირებას", - აღნიშნა მურუსიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ