2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები

2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები

ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ბანერის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქში განთავსებული სარეკლამო ბანერების უმეტესობას კომპანია "outdoor.ge" ფლობს. ambebi.ge დაუკავშირდა Outdoor.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მარიამ გაბედავას:

- რთულია ასე ხელაღებით ვთქვათ, თუ რა გახდა კონსტრუქციის ჩამოვარდნის მიზეზი. ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ეს შემთხვევები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება, მაგალითად, ძლიერი ქარი ან სხვა სტიქიური მოვლენა. ჩვენ ვითვალისწინებთ მასგავს შემთხვევებს და ვცდილობთ კონსტრუქცია მაქსიმალურად მდგრადი იყოს, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება.

- ასევე თქვენს მფლობელობაში იყო გადაცემა ”20/30”-ის სარეკლამო ბანერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა...

- ეს კიდევ სხვა შემთხვევა იყო, იქ ჩამოვარდა ბანერის სამაგრი და არა მთელი კონსტრუქცია. სამწუხაროდ, ძლიერი ქარის დროს მსგავსი შემთხვევები ხდება.

- პრევენციულ ზომებს თუ მიმართავს კომპანია?

- ჩვენ ვაპირებთ გერმანელი სპეციალისტების ჩამოყვანას, რომლებიც ყველა ბანერს სათითაოდ შეამოწმებენ და დასკვნებს დადებენ.

- რა სტანდარტებით ხდება ბანერების დამონტაჟება?

- ჩვენი კომპანია წლებია არსებობს ამ ბაზარზე და არაერთი სარეკლამო კონსტრუქციის მფლობელია. ბუნებრივია, კონსტრუქციებს საკმაოდ გამოცდილი კონსტრუქტორები აპროექტებენ და ტექნიკური ჯგუფიც, ყველანაირი სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს ამ ნაგებობების განთავსებას ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

- თუ ხდება ნიადაგის კვლევა, სადაც უნდა დამონტაჟდეს ბანერი?

- რასაკვირველია, სანამ კონსტრუქციის მონტაჟზე მიდგება საქმე, ჯერ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გაიცეს ნებართვა ამ ადგილზე კონსტრუქციის დაყენებაზე. ამის შემდეგ, სპეციალისტები სწავლობენ ტერტორიის ნიადაგს, მდგრადობას... აქვე, გასათვალისწინებელია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი - იქნება ეს გაზისა და წყლის მილები თუ ელექტროგადამცემი მოწყობილობები. ადგილის სრულად შესწავლის შემდეგ იწყება კონსტრუქციის ტიპზე ფიქრი, ისე რომ მორგებული იყოს არსებულ ნიადაგსა და სივრცეს და შემდეგ ხდება მისი მონტაჟი.

- რა სიღრმეზე ხდება ნიადაგის გაჭრა?

- გააჩნია კონსტრუქციის მაშტაბებსა და ადგილს, სადაც უნდა განთავსდეს ის. კონკრეტულ კონსტრუქციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ამიტომ ამ საკითხზე ასე ზეპირად საუბარი რთულია.

- ვიბრაცია თუ ახდენა გავლენას კონსტრუქციის მდგრადობაზე?

- ვიბრაციაში თუ იგულისხმება მიწის ზემოთ არსებული სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ბუნებრივია, თანამედროვე ნორმებით გათვალისწინებულია, რომ კონსტრუქციამ სხვადასხვაგვარ ზეწოლას გაუძლოს. თუმცა, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური შემთხვევებიც, როდესაც ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ სარეკლამო კონსტრუქციებზე, არამედ მთელ რიგ შენობა-ნაგებობებზე. სამწუხაროდ, ამისგან არავინაა დაზღვეული.

- ჩამოვარდნის შემთხვევაში კომპანია თუ ანაზღაურებს ზარალს?

- კონსტრუქციის ჩამოვარდნის შემთხვევაში კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია