"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი

"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - ნიკოლოზ რაჭველი

ორ ცნობილ ქართველ მაესტროს შორის დაპირისპირება, რომლის შესახებაც პირველად ნიკოლოზ რაჭველი ალაპარაკდა, როგორც აღმოჩნდა, ფარულად უკვე წლებია გრძელდება. რაჭველი გულისტკივილს დარბაზის არდათმობის გამო გამოთქვამს, ვახტანგ კახიძე კი ახალგაზრდა კოლეგას პროფესიონალიზმს უწუნებს. ნიკოლოზ რაჭველმა ამის შესახებ პირველად "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ნიკოლოზ რაჭველი პროფესიონალი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერცერთ პირობას ვერ აკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ სადირიჟორო პულტისკენ მისი ასეთი დაჟინებული ლტოლვა და ამპლუაში თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და დიდი შეურაცხყოფაა. მიმაჩნია, რომ ამ პიროვნების მიერ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორისა და განსაკუთრებით მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ყოვლად დაუშვებელია" - ეს ნაწყვეტია იმ წერილიდან, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ კულტურის სამინისტროს რამდენიმე წლის წინ მისწერა.

მაესტრო დღესაც იმავე აზრზეა: "მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, რაც მანდ წერია" - ამბობს "რუსთავი 2"-თან მცირე კომენტარში კახიძე-უმცროსი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, უკვე წლების მანძილზე დარბაზს არამარტო ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, არამედ ოპერის ორკესტრსაც არ უთმობდა. ამ სივრცეში ბოლო ათი წელია, ვერც პაატა ბურჭულაძის მიერ მოწვეული მსოფლიო დონის არტისტები მოხვდნენ, რასაც კახიძე ასე ხსნის: "მე ვარ ამ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამიტომ მე გადავწყვიტავ, როგორ უნდა მიმდინარეობდეს შემოქმედებითი პროცესი აქ, სანამ ვარ".

ნიკოლოზ რაჭველი უფროსი კოლეგის კომენტარს კვლავ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ეხმაურება: "თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება... გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა, თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი... ახლა კი საზოადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები... ასე მოვედი აქამდე... დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..." - წერს რაჭველი "ფეისბუქის" პოსტში.