რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში

რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში

საქართველოში მასობრივად შემოსულ უცხოელებს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მიენიჭებათ. აღნიშნულს "ლტოლვილთა შესახებ" კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი უცხოელს ერთი წლის ვადით მიენიჭება, ხოლო როგორც კი იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა, ვითარება დასტაბილურდება, მას თავი ქვეყანაში დაბრუნების ვალდებულება ექნება.

"ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, მოქმედ კანონში შევიტანეთ არაერთი ცვლილება და ის შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასოცირების დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სწორედ თავშესაფართან დაკავშირებული პროცედურები. შესაბამისად, ჩვენ სრულად დავაკმაყოფილეთ ის მოთხოვნები, რომლებსაც ევროკავშირი გვიყენებდა, თუმცა, "ლტოლვილთა შესახებ" კანონის კიდევ დახვეწა იყო საჭირო და ამაზე დიდი სამუშაო ჩატარდა. ახალი კანონი იქნება თვისობრივად ახალი სიტყვა, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან და ძალიან ხშირ შემთხვევაში გააადვილებს მუშაობას.

კანონპროექტში იქნება რამდენიმე სიახლე, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მასობრივად შემოსულ უცხოელებს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მიენიჭებათ. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს კი სახელმწიფო მიანიჭებს იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში უცხოელების მასობრივი შემოსვლის დროს დაფიქსირდება. სახელმწიფოს შეეძლება მათ მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი და არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი უცხოელს ერთი წლის ვადით ენიჭება, თუმცა შემდეგ შესაძლებელია ამ სტატუსის გადახედვა - როგორც კი იმ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოვიდა, ვითარება დასტაბილურდება, უკვე სტატუსის გაგრძელება აღარ მოხდება და მათ ექნებათ ვალდებულება დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ეს არის ერთი სიახლე, რომელიც შემოაქვს კანონს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აღნიშნულის გარდა, მისივე განმარტებით, კანონს შემოაქვს კიდევ ერთი სიახლე, რაც ქვეყნის შიგნით "შიდა გადაადგილების ალტერნატივას" გულისხმობს.

"მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე - ჩვენ შეგვეძლო უკრაინიდან არც ერთი ლტოლვილი არ მიგვეღო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში განხორციელდებოდა მათი გადაუდებელი საჭიროებების საკმარის დონეზე უზრუნველყოფა, იმიტომ რომ მათ გააჩნდათ შიდა გადაადგილების ალტერნატივა კიევში, ლვოვში ან ხარკოვში ანუ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო სტანდარტით ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მათზე და ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩვენ სწორედ ასეთ სტანდარტს ვიყენებთ. თუმცა, ეს სტანდარტი კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული.

არის შემთხვევები, როდესაც მოდის ადამიანი, რომელიც აშკარად არანაირ დევნას არ განიცდის და ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურებს, იმიტომ რომ ეს არის პროცედურები, რომლებიც სრულად თუ დაიცავს ყველაფერს, მინიმუმ ერთი წელი მას ვერ გააძევებ ქვეყნიდან, არადა 100%-ით იცი ლტოლვილი არ არის, არაფერი ემუქრება არცერთ ქვეყანაში, მაგრამ რაღაცის გამო ეძებს თავშესაფარს. გავა ერთი წელი, მერე ჩავა სხვა ქვეყანაში და იმ ქვეყნის ხარჯზე იცხოვრებს, ამასობაში ქვეყანა იძულებული ხარ ის არჩინო. ასეთი შემთხვევისთვის შემოვიდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ბევრად უფრო მცირე ვადაში, მაგალითად ერთ თვეში განიხილოს ასეთი საკითხები და ადამიანი გაუშვას იქ, საიდანაც შემოვიდა", - აღნიშნა მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, კანონპროექტით ასევე დაიხვეწა ოჯახის წევრთა ცნებაც და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც გაერო-ს სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება.

"ცვლილებები დიდი ხანია მუშავდება. განხილვებს მოვრჩით და ძალიან მალე შევა მთავრობაზე. მარტის ბოლოს ვფიქრობთ პარლამენტში შეტანას, რათა ამ მოწვევის პარლამენტმა მოასწროს კანონპროექტის განხილვა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია