სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა

სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ" პროექტის გამოთხოვის შესახებ ჯაჭვლიანის გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააჟღერა.

"ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი უნდა დამატებოდა, რომლის გათვალისწინებითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."