ლანძღვა და ცილისწამება არის არგუმენტგამოცლილი ადამიანების ბოლო ბასტიონი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გადაცემა "არჩევანში" თამაზ მეჭიაურის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მას ადეიშვილის "ხელის ბიჭი" უწოდა.
მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობის ნახევარი "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, ნახევარი კი – "ქართული ოცნების".
"ზოგადად, ლანძღვა და ცილისწამება არის არგუმენტგამოცლილი ადამიანების ბოლო ბასტიონი. ყოფილ ხელსუფლებასთან კავშირს რაც შეეხება, მე დავინიშნე 2009 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. მანამდე 2 წელი ვიყავი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. ჩემი პრეზიდენტობის 3.5 წელი ემთხვევა "ნაციონალურ მოძრაობას" და მეორე 3.5 წელი "ქართულ ოცნებას", - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს, მთავრობასთან, მათ შორის ზურაბ ადეიშვილთან სამუშაო ურთიერთობები ჰქონდა. "ჩვენ გვქონდა სამუშაო ურთიერთობები, გვქონდა ბევრი ურთიერთობა და ის შედეგები, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს, ვერ იქნებოდა მიღწეული ერთობლივი მუშაობის გარეშე როგორც პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან და მათ შორის ზურაბ ადეიშვილთან", - აღნიშნა ქადაგიძემ.