ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიესაჯა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიესაჯა

თელავში ორი პოლიციელის, გელა ლამაზოშვილისა და მაია ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სანდრო მეტრეველს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიესაჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს", მეტრეველის ადვოკატმა, მურად პოპიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოში პროკურატურა შევიდა, შუამდგომლობას კი, როგორც ადვოკატი განმარტავს, დაერთო ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

"სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ექსპერტიზის იმ დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, 19 წლის სანდრო მეტრეველი შეურაცხადია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. პროკურატურა ვალდებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის. სანდრო მეტრეველის მკურნალობა ოჯახმა ამ შემთხვევამდე, 2 წლის წინ დაიწყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც დევს საქმეში", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესს დაესწრო თავად ბრალდებულიც, რომელიც შუამდგომლობას დაეთანხმა.

მურად პოპიაშვილის თქმით, სანდრო მეტრეველს ხონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებული სანდრო მეტრეველი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ