სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე

სვანეთში კურორტი "თეთნულდი" გაიხსნა - ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ტურისტები ოთხივე სეზონზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" გახსნა. პრემიერი კურორტზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "თეთნულდზე" ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით 3 საბაგირო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. "ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ, გაკეთდეს დამატებით საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან "თეთნულდის" ბაზას დააკავშირებს. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე "თეთნულდის" კურორტს დააკავშირებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, გაკეთდება რამდენიმე სასტუმრო, რათა კურორტის განვითარებას ბიძგი მიეცეს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, გზის დიზაინი და სასტუმროების პროექტი დამუშავების პროცესშია.

პრემიერთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კილომეტრი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კილომეტრი იქნება. 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. სასრიალო გზა განკუთვნილი იქნება მოყვარულებისთვის, პროფესიონალებისა და ექსპერტებისთვის.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თუთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.

კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ "თეთნულდზე" მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

"თეთნულდის" მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია