როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს

როგორ უნდა შეინახოთ სწორად ყველი, რომ მან გემო და არომატი არ დაკარგოს

ყველი ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია. საქართველოში კი ამ გემრიელი ნაწარმის უამრავი სახეობა არსებობს, შესაბამისად განსხვავებულია მათი დამზადების ტექნოლოგიაც.

ამ პროდუქტთან მიმართებაში, ძირითად პრობლემას მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვა წარმოადგენს, რადგან ბაზრებში ის შეუფუთავ მდგომარეობაში იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროდუქციის, მაგალითად მზა ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების შეფუთული სახით არსებობა ქართული ბაზრისთვის უცხო არ არის, მომხმარებელი ყველის ამ სახით ბაზარზე არსებობას მიჩვეული მაინც ნაკლებადაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე დიდი ხანია, გამოჩნდნენ მწარმოებლები, რომლებიც თუნდაც ისეთ ტრადიციულ პროდუქტს, როგორიც სულგუნია, შეფუთულ მდგომარეობაში აწარმოებენ.

იმის გასარკვევად, თუ რატომაა უკეთესი საწარმოში დამზადებული ყველი, ასევე ჰიგიენური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია ქუჩაში განთავსებულ ღია დახლებზე შეუფუთავი ყველის გაყიდვა, "ნიკორას" ხარისხის მართვის მენეჯერს ნინო ლეფსაიას ვესაუბრეთ:

"საწარმოში დამზადებული ყველის ტექნოლოგიური ხაზი კონტროლდება ნედლეულიდან - მზა პროდუქციის მიღებამდე. ვიცით ნედლეულის მომწოდებელი, ასევე რა პირობებში ხდება საწარმოო პროცესი, კონტროლდება მიღებული მზა პროდუქციის შეფუთვის და შენახვის პირობები, დისტრიბუციის ეტაპი და სავაჭრო ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა. საწარმოო პროცესში კი ამ ყველაფრის მაკონტროლებელი და ზედამხედველი შესაბამისი რგოლები არსებობს, ასევე გადანაწილებულია ფუნქცია-მოვალეობები. ამდენად, ეს ყოველივე გვიქმნის იმის გარანტიას, რომ მომხმარებლამდე მისული პროდუქტი ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ქუჩაში განთავსებულ ღია დახლებზე, გაურკვეველი წარმოშობის ყველი იყიდება. კერძოდ, უცნობია რა პირობებში ხდება მისი დამზადება, ასევე გადამყიდველების მიერ სავაჭრო ობიექტებამდე ტრანსპორტირება. ეს არის ღია სივრცე, სადაც არანაირი ჰიგიენური საშუალება არ არის დაცული. შესაბამისად, არასათანადო პირობების გამო ყველის სარეალიზაციო ვადა გაურკვეველია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტის შენახვის ვადა გარკვეულწილად დამოკიდებულია შენახვის პირობებსა და ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგია რომ ქართულ ბაზარზეც შემოვიდა შეფუთული ყველი. ჩვენც სულ ახლახან დავიწყეთ ყველის წარმოება "ჩვენი ფერმერის" ბრენდის ქვეშ", - აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყველმა შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო და საგემოვნო თვისება, შენახვის წესების სწორად დაცვა აუცილებელია. ასევე საინტერესოა ვიცოდეთ ის მახასიათებლები, რაც ოჯახში და მწარმოებლების მიერ დამზადებულ ყველს ერთმანეთისგან განასხვავებს. ამ საკითხებზე "ჩვენი ფერმერის" წარმოების უფროსს, ლევან ღლონტს ვესაუბრეთ:

- რა წესები უნდა დავიცვათ ყველის სწორად შენახვისას? საჭიროებს თუ არა განსხვავებული წესით შენახვას სხვადასხვა სახეობის ყველი?

- ზოგადად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა სახეობის ყველის სახლის პირობებში შენახვა ისე უნდა მოხდეს, რომ მას არ მოეკიდოს ობი ან არ განვითარდეს ლპობის პროცესი. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად ყველის შენახვისთვის ტემპერატურული რეჟიმია საჭირო. თუმცა, ყველის მინუს ტემპერატურაზე გაჩერება არ არის რეკომენდირებული, რადგან გაყინვის შემთხვევაში მას ეცვლება, როგორც საგემოვნო თვისებები, ასევე ფერიც. ამიტომ საჭიროა ეს გემრიელი პროდუქტი მაცივარში, მშრალ, დახურულ კონტეინერში, პლიუს ტემპერატურაზე მოვათავსოთ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადად ყველი მაცივარში უსასრულო ვადით არ უნდა ინახებოდეს. დიდი ხნის მანძილზე ამგვარად შენახვის შემთხვევაში, ის კარგავს ტენს, შრება და ზომაზე მეტად მკვრივდება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახეობის ყველის შენახვას მაცივრის გარეშე გადაწყვეტთ, მარილწყალში დასველებულ თეთრ ტილოში გაახვიეთ და სხვა პროდუქტებისგან მოშორებით, ცალკე შეინახეთ. პერიოდულად კი დასველებული ტილო გამოცვალეთ. მაგალითად, იმერული ყველი წათხში 8-10 თვე ინახება, ჭყინტი კი მაცივარში შენახვის შემთხვევაშიც, ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს. რბილ სულგუნს რაც შეეხება, ამ ფორმით მისი შენახვა დიდი ხნით არ არის მიზანშეწონილი, თუმცა გამოსავალი მის გამოშრობაში და შებოლვაშია, რადგან შებოლილი სულგუნის საკვებად გამოყენება 2-3 თვის მანძილზეც თავისუფლად შეგიძლიათ.

ყველის შენახვა პოლიეთილენის პარკშიც შესაძლებელია, თუმცა არა დიდი ხნით. ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ პოლიეთილენის შეფუთვა საკვებ პროდუქტებთან თავსებადი და დასაშვები იყოს.

- როგორ ხდება თქვენს მიერ წარმოებული ყველის შენახვა?

- "ჩვენმა ფერმერმა" ყველის წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო და სულგუნის გარდა, სხვადასხვა, საგემოვნო თვისებების მქონე ყველსაც აწარმოებს. ესენია: სულგუნი ნივრითა და წიწაკით, სანელებლებით, პიტნით, შაშხით და ყავით. ჩვენი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. ყველი მომხმარებლამდე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის, ადამიანის მიერ ხელით შეხება ან რაიმე სახის კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვაში კიდევ უფრო გვეხმარება. რაც შეეხება, კონკრეტულად ჩვენი სულგუნის შენახვის წესებს, ის შეფუთულ მდგომარეობაში 30 დღე, +2...+6°C, მაცივარში ინახება. გახსნის შემდეგ კი მომხმარებელს მისი შენახვა, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში, კერძოდ 1-2 თვეში "ჩვენი ფერმერი" მოცარელას წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ყველი საქართველოშიც იმ პროდუქტს მიეკუთვნება, რომელიც ყოველთვის "უნდა იყოს" მაცივარში. სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებითა და წესების დაცვით კი ყველი თქვენს მაცივარში ყოველთვის შეინარჩუნებს სასიამოვნო გემოსა და არომატს.

მარი ჯავახიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია