ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?

ახვლედიანის სკანდალი - "არაეფექტური მენეჯერი" თუ ბრძოლა "სასამართლოში კლანური დაჯგუფების" წინააღმდეგ?

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებულმა მამუკა ახვლედიანმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ახვლედიანი წერილში მისი გათავისუფლების შესახებ, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე შეუძლებელია სამართლიანობის განცდა არსებობდეს საზოგადოებაში.

"როცა მოსამართლე ხედავს, როგორ ექცევა საბჭო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მის კოლეგას, რომელიც აკრიტიკებს სისტემურ პრობლემებს, როგორი დევნის ობიექტი ხდება განსხვავებული აზრი, როგორ ფიქრობთ, რომელიმე მათგანი, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც აპირებენ მოსამართლეთა შესარჩევ, გაუმჭვირვალე, ფასადურ, პირად სიმპათიებზე დამოკიდებულ კონკურსზე ამ საბჭოს საქმიანობის პირობებში გასვლას, ამოიღებს ხმას და განაცხადებს უკმაყოფილებას? მას რჩება მხოლოდ ორი არჩევანი - გაჩუმდეს ან შეუერთდეს სასამართლოში არსებულ კლანურ დაჯგუფებას, რათა გარანტირებული ჰქონდეს მომავალი საქმიანობა. ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ეს არის სიჩუმის მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში, რაც არის დამღუპველი", - აღნიშნულია მამუკა ახვლედიანის ღია წერილში.

მამუკა ახვლედიანის გადაყენების მიზეზად "არაეფექტურ მენეჯერულ" საქმიანობას ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე: "მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ არ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით, რასაც ის აკეთებს რაიმე დევნა განხორციელდეს. ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად, მოხდა მისი გადაყენება თავმჯდომარეობიდან, მაგრამ მას, როგორც მოსამართლეს არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის პოზიციას იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მისი თქმით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე". უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით იხელმძღვანელა.

ნინო გვენეტაძის თქმით, მამუკა ახვლედიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს. "არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ ეჭვი საქმეთა განაწილების თაობაზე, არამედ გარკვეული პრეტენზიები არსებობდა მოსამართლეთა მხრიდანაც. მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ პირველ ყოვლისა დიდი სასამართლოები და მათ შორის საქალაქო სასამართლო იქნა თავისი ნორმატიული აქტებით, ანუ თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებებით გადამოწმებული და აქ დაფიქსირდა დარღვევები", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გაადაყენების საკითხს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახვლედიანის საკითხზე იუსტიციის საბჭოში გაფართოებული სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ საბჭოს თავისი რეგლამენტით, შესაძლებლობა აქვს, საკითხი გაფართოებულ ფორმატში განიხილოს, რაც საბჭოს წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობას გულისხმობს.

"ეს ფორმატი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა, რაც ძალიან სამწუხაროა. იდეის დონეზე შევთავაზე ახვლედიანს, რომ მიმართოს საბჭოს, გაფართოებულ ფორმატში ამ საკითხის მოსმენა შევძლოთ და ჩვენი შეხედულებები დავაფიქსიროთ. მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა გაფართოებული სხდომა, გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებით მიიღო, არის უკანონო და დარჩება უკანონოდ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება "საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოზიციას, მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური ახვლედიანის გადაყენებას ასე აფასებს: "მთავარია, რომ მამუკა ახვლედიანმა ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც სისტემაში არსებობს და ამის შემდეგ დაიწყო საბჭომ სხვადასხვა მოკვლევა და გამოძიება მის წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არის სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში გზავნილი. ყველა შესაბამისმა ორგანომ, მათ შორის პარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ფაქტს, შეხვდეს ახვლედიანს და ამის შემდეგ კიდევ უფრო სიღრმისეული რეფორმა ჩაატაროს სასამართლო სისტემაში; იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მთავრობამ, ჩვენ შედეგად გვაქვს აბსოლუტურად არასწორად დაკომპლექტებული როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე სასამართლო სისტემა.

დღეს ირჩევა მოსამართლეები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე მეთოდით და ჩვენ სულ ცოტა ხანში მივიღებთ დახურულ სასამართლო სისტემას, როდესაც მთავარი მოქმედი პირები იქნებიან ერთი კლანის წარმომადგენელი მოსამართლეები, რომლებიც ფაქტობრივად, შექმნიან კანონებს და მათი ინსტრუქციების მიხედვით იმოქმედებს ყველა მოსამართლე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ