"ქართველი ერისა და ქრისტიანობის წინაშე დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის რამდენიმე წარმომადგენელი წმინდანად შერაცხა", - ამბობს ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი, რომელიც, როგორც წინა წერილებიდან უკვე შეიტყვეთ, "ბაგრატოვანთა სახლის" ისტორიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამჟამად სამეფო დინასტიის წარმომადგენლების წარსულიდან ბაგრატიონთა დინასტიის სულიერ ღვაწლზე გვიამბობს.
- დიახ, წმინდანებად არიან შერაცხულები: 1. აშოტ I დიდი კურაპალატი (813-826 წწ.) - ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი, ქართული მიწების გაერთიანების მოთავე და მცხეთის საკათალიკოსო ტახტის ძლიერებისათვის მებრძოლი, არტანუჯის ტაძარში წამებული (ხსენების დღე 29 იანვარი); 2. დინარა დედოფალი ჰერეთის (X ს.) - ადარნასე II არტანუჯელის ასული და გურგენ IV ერისთავთ-ერისთავის და, ჰერეთის მეფეების ადარნასე II პატრიკის მეუღლე და იშხანიკის დედა; მან ჰერეთი კვლავ "მოაქცივნა მართლმადიდებელად" (ხსენების დღე 30 ივნისი);
3. საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125 წწ.) - საქართველოს სრული გაერთიანებისთვის და ქვეყნის გაძლიერებისათვის, მთქმელი "გალობანი სინანულისა" (ხსენების დღე 26 იანვარი);
4. საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156), ბერობაში დამიანე, დავით აღმაშენებლის ძე, გარეჯელი, მთქმელი ლექსისა "შენ ხარ ვენახი" (ხსენების დღე 23 მაისი);
5. საქართველოს მეფე თამარ (1184-1213) - საქართველოს გაძლიერებისა და ეკლესიათა აღმშენებლობაში უდიდესი ღვაწლისათვის (ხსენების დღე 1 მაისი);
6. საქართველოს მეფე დემეტრე II (1270-1289) - მონღოლთა მიერ მოწამებრივად სიკვდილით დასჯილი და ქვეყნისთვის თავდადებულად წოდებული (ხსენების დღე 12 მარტი);
7. საქართველოს მეფე ვახტანგ III (1298-1308), დემეტრე II თავდადებულის ძე, მოწამე (ხსენების დღე 10 დეკემბერი);
8. კახეთის დედოფალი ქეთევან (1601-1602) - ირანში ქრისტიანობისთვის წამებული, საქართველოს მნათობი, დიდმოწამე (ხსენების დღე 13 სექტემბერი);
9. ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) - ირანში ქრისტიანობისათვის წამებული (ხსენების დღე 21 ივნისი);
10. იმერეთის მეფე სოლომონ II (1798-1810) - სამშობლოსათვის თავდადებული (ხსენების დღე 7 თებერვალი);
11. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ V (1584-1594), კახეთის მეფე ლევან I-ის ძე (ხსენების დღე 18 თებერვალი);
12. აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი იოსებ I (1769-1776), იმერეთის მეფეების ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის ძმა (ხსენების დღე 17 ოქტომბერი).
- ცნობილია, რომ ბაგრატიონთა გვარიდან საქართველოს ეკლესიის მეთაურებიც იყვნენ...
- დიახ, XV-XIX სს-ში საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის საჭეთპყრობელები, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ:
1. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დავით II (1426-1430), საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის ძე;
2. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მელქისედეკ II (1538-1541), ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ძე;
3. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი წმ. ნიკოლოზ V (1584-1594), კახეთის მეფე ლევან I-ის ძე;
4. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დომენტი III (1660-1676), ქაიხოსრო მუხრან-ბატონის (ბაგრატიონის) ძე;
5. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დომენტი IV (1705-1741), ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ძმა;
6. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I (1744-1755,1764-1788), ქართლის მეფე იესე I-ის ძე;
7. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (1788-1811), ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ძე;
8. აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი იოსებ (1769-1776), იმერეთის მეფეების ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის ძმა.
ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები ასევე ქართული ეკლესიის იერარქებიც გახლდნენ:
ნიკოლოზ ბოლნელი (ჩანს 1665-1687), ქაიხოსრო მუხრან-ბატონის შვილი; ქრისტეფორე წილკნის მთავარეპისკოპოსი (†1700), კონსტანტინე მუხრან-ბატონის ძე; ქრისტეფორე წილკნის მთავარეპისკოპოსი (ჩანს 1727-1736), ლევან მუხრან-ბატონის ძე; სიმონ გენათელი, იმერეთის მეფე გიორგი III-ის ძმა; იოსებ გენათელი (შემდგომში კათალიკოსი) (†1776), იმერეთის მეფეების ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის ძმა; არსენ თბილელი (†1812), ქართლის მეფე იესეს I-ის შვილიშვილი.
ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ღვთისმოსაობა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა დამახასიათებელი ნიშანია და მათ შორის ხშირი იყო ბერად აღკვეცაც:
1. ადარნასე (†874), ბაგრატ I კურაპალატის ძე - ბერობაში არსენ;
2. გუარამ მამფალი (†882), აშოტ I კურაპალატის ძე;
3. დავით I მამფალი (†943), სუმბატ I მამფალის ძე;
4. ადარნასე III კლარჯი (†945), ბაგრატ I მამფალის ძე - ბერობაში ბასილი;
5. ადარნასე III კურაპალატი (†961), ბაგრატ II მაგისტროსის ძე;
6. ბასილი (XI ს.), საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის ძე;
7. საქართველოს მეფე დემეტრე I (†1156), დავით IV აღმაშენებლის ძე - ბერობაში დამიანე;
8. მონაზონი თამარი (†1155), დავით IV აღმაშენებლის ასული, თიღვის მონასტრის აღმშენებელი;
9. მეფე დავით VI ნარინი (†1293), რუსუდან დედოფლის ვაჟი;
10. საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (†1442), მეფე კონსტანტინე I-ის ძე - ბერობაში ათანასე;11. ვახტანგ ბატონიშვილი (†დაახ. 1484), საქართველოს მეფე გიორგი VIII-ის ძე - ბერობაში ვარსიმე;
12. ქართლის მეფე კონსტანტინე II (†1505), ძე დიმიტრი "პროვინციის მეფესა" - ბერობაში კირილე;
13. ქართლის მეფე დავით X (†1525), მეფე კონსტანტინე II-ის ძე - ბერობაში დამიანე;
14. ქართლის მეფე გიორგი IX (†1540), მეფე კონსტანტინე II-ის ძე - ბერობაში გერასიმე;
15. ბაგრატ მუხრანბატონი (†1539), მეფე კონსტანტინე II-ის ძე - ბერობაში ბარნაბი;
16. კახეთის მეფე ალექსანდრე II (†1605), მეფე ლევან I-ის ძე.
XVIII-XIX სს.-ში ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები რუსეთის ეკლესიის იერარქები იყვნენ: ანტონ I (1755-1764) - ვლადიმირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი; ანტონ II (1811-1827) - ნიჟნი ნოვგოროდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.- ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში მათგან ვინ მონაწილეობდა?
- ბაგრატიონთა მიერ ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა, აშოტ I დიდი კურაპალატიდან (†826) იწყება, რომელმაც ააშენა IX ს.-ის I ნახევარში წმ. პეტრეს და წმ. პავლეს სახელობის ეკლესია არტანუჯში და ხელმეორედ ააგო ოპიზის მონასტერი კლარჯეთში.
ბაგრატ I კურაპალატის (826-876) მხარდაჭერით, საბა იშხნელმა IX ს-ის 30-იან წლებში იშხნის საკათედრო ტაძარი აღადგინა.
დავით I კურაპალატის (876-881) მმართველობის დროს ტაოში ხახულის მცერე ეკლესია აშენდა.
IX-X სს.-ის მიჯნაზე აშოტ კუხმა (†918) ააგო ტბეთის საკათედრო ტაძარი შავშეთში. მანვე წამოიწყო ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა კლარჯეთში, რომელიც დაასრულა მისმა ძმისწულმა გურგენ IV ერისთავთ-ერისთავმა 918-941 წწ.-ში.
ქართველთა მეფე ადარნასე II-მ (898-923) ხელახლა ააშენა ბანას კათედრალური ტაძარი; მისმა ძემ სუმბათ I-მა კურაპალატმა (954-958) ააშენა დოლისყანის ეკლესია.
ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავმა (†966) და დავით III მაგისტროსმა (შემდგომში კურაპალატმა) 961-973 წწ.-ში ააშენეს ოშკის ტაძარი ტაოში. ასევე დავით III კურაპალატმა (†1001) ტაოში ააგო ხახულის ეკლესია, პარხლის მონასტერი და ჭოროხის ხეობაში - ოთხთა ეკლესია.
ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ (975-1014) X-XI სს.-ის მიჯნაზე ააგო ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (იგივე ბაგრატის ტაძარი), ბედიისა და ნიკორწმინდის კათედრალები.
დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) 1106 წელს დაიწყო გელათის მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც შემდგომ ბაგრატიონთა ერთ-ერთ მთავარ საძვალედ იქცა, ხოლო 1106-1110 წწ.-ში ააშენა გელათის სამონასტრო კომპლექსი. მანვე შიომღვიმის ლავრაში ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. დავით აღმაშენებლის შვილებიდან მეფე დემეტრე I-მა (1125-1156) 1130 წელს დაასრულა გელათის მთავარი ტაძრის მშენებლობა, ხოლო თამარმა (შირვანის დედოფალმა) ააშენა თიღვის მთავარი ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი 1152 წლისთვის.
მეფე გიორგი III-მ (1156-1184) დაიწყო ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დამთავრდა თამარის (1184-1213) მეფობაში.
შემდგომში აშენებული ეკლესიების და მათი მაშენებელი ბაგრატიონების ჩამონათვალი ასეთია: მეფე გიორგი IV ლაშა (1213-1223) - ფიტარეთის ეკლესია; რუსუდან მეფე (1223-1245) - გუდარეხის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი; მეფე ალექსანდრე I (დიდმა) (1412-1442) აღადგინა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი; კახეთის მეფე ლევან I-მა (1518-1574) ააშენა გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია XVI ს-ის 60-იან წწ.-ში და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი. 1545 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) გელათში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო, სადაც 1545-1559 წლებში ბიჭვინთიდან აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის რეზიდენცია გადმოიტანა.
ამათ გარდა, ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და მათ რესტავრაციებში თავი გამოიჩინეს ბაგრატიონთა დინასტიიის სხვა ქართველმა მეფეებმა: გიორგი I-დან - გიორგი XII-მდე.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები დიდად ზრუნავდნენ საქართველოში საეკლესიო განათლების ამაღლებაზე. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ დავით III კურაპალატი სისტემატურად უკვეთავდა ბერძნულიდან ქართულად თარგმნილ საეკლესიო ლიტერატურას ათონის ქართველთა მონასტერს.
მეფე დავით IV აღმაშენებელმა გელათში და იყალთოში აკადემიები დააარსა, რომლებიც ზრუნავდნენ განათლების ამაღლებაზე და საეკლესიო მთარგმნელობას ეწეოდნენ.
ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტამბას, რომელშიც დაიბეჭდა სახარება, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი და სხვა სასულიერო წიგნები. ამ წამოწყების მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს ნაბეჭდი წიგნები, რომლებიც 400-1000 ეკზემპლარად იბეჭდებოდა, გაცილებით აღემატებოდა ხელნაწერი წიგნების ტირაჟს და ამით ხელს უწყობდნენ აღნიშნული ლიტერატურის გაცილებით ფართო მასშტაბებში გავრცელებას საქართველოში. მეფე ვახტანგ VI-ის საქმე მოსკოვში გააგრძელეს მისმა შვილებმა - ბაქარმა და ვახუშტიმ, რომლებმაც 1743 წელს ქართულ ენაზე ბიბლია დაბეჭდეს.
მეფე ერეკლე II-მ კათალიკოს-პატრიარქ ანტონ I-თან ერთად თბილისში და თელავში სასულიერო სემინარიები დააარსეს. 1749 წელს თბილისში ფუნქციონირება დაიწყო, მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით გახსნილმა სტამბამ, სადაც სასულიერო წიგნები იბეჭდებოდა.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
იხილეთ ასევე: საინტერესო ფაქტები ბაგრატიონების შესახებ - როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველოს სამეფო