არა - "არა ოკუპაციას"

არა - "არა ოკუპაციას"

დღეს 25 თებერვალია. 95 წელი გავიდა რუსების მიერ საქართველო ოკუპაციიდან. დღეს ერთგვარ აუცილებლობად იქცა ამ დღის გაპროტესტება, თანაც ისე, რომ სხვებმაც შეგამჩნიონ. რაც უფრო ხმამაღლა, აგრესიულად და სხვებისთვის შესამჩნევად გამოხატავ პროტესტს, მით უფრო ფასდები ზოგიერთების თვალში. სამწუხაროა, რომ გამოხატვის ფორმა ერთგვარ შეჯიბრად იქცა, ხოლო ის, რასაც ამით ვაპროტესტებთ, არაგულწრფელია და მხოლოდ სხვის დასანახადაა. მას შემდეგ, რაც სხვა დაგვინახავს, facebook-ზე, twitter-ზე და სხვა სოცქსელებზე დაპოსტავს, რომ ამან და ამან ეს თქვა, რა მაგრად თქვა, შემდეგ ჩვენ სტატუსს - "არა ოკუპაციას", ბევრი like დაუგროვდება, ჩავთვლით, რომ პროტესტი ღირსეულად გამოვხატეთ. ხოლო იმან, ვინც საერთოდ არავის შეამჩნევინა თავისი პროტესტი, რუსეთუმედ და ოკუპანტების მხარდამჭერად მივიჩნევთ.

პირადად მე არავითარ საპროტესტო მოძრაობას არ ვუერთდები, არც "არა ოკუპაციას" გავიძახი და არც "გაეთრიე ჩრდილოელოს", მაგრამ მეეჭვება ვინმეს ჩემზე დიდი შინაგანი პროტესტის გრძნობა ქონდეს. ის დრო, რაც სხვის დასანახად პლაკატის დაჭერაში უნდა დავხარჯო, მირჩევნია ჩემ პატარა შვილთან გავატარო, ავუხსნა რაა ქართველობა, რა ევალება, რომ კარგ ქართველად გაიზარდოს და ვუთხრა, ვინაა ოკუპანტი, თორემ ათასნაირი ლოზუნგებით დამშვენებული პლაკატის დაჭერაში, რომ ვაი ქართველებს ბადალი არ ყავთ, სწორედ 1921 წლის 25 თებერვალმა დაამტკიცა.

სურამში, ჩემი ქუჩა, რომელიც დღეს 26 მაისის სახელობისაა, წლების მანძილზე 25 თებერვლისა იყო, დღემდე შენახული მაქვს ის რკინის მაჩვენებლი, რომელიც მიუთითებდა ჩემი სახლის მისამართს - 25 თებერვლის N12 (ცოტა ჟანგმა შეუტია, ალბათ ბუნების პროტესტია ამ დღისადმი), თუმცა სრულებით არ ვთვლი, რომ ოკუპაციის მხარდამჭერი ვარ.

ჩემი მშობლები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, ვინც 25 თებერვალს ზეიმობდა. მამაც და დედაც არაერთხელ ყოფილან იმ მსვლელობის მონაწილე, რომელიც 25 თებერვალს იმართებოდა. დღეს არცერთი არ გამოდის და არ იძახის "არა ოკუპაციას", თუმცა არცერთი არაა ოკუპანტების მიმართ ლოილურად განწყობილი, მათი მხრიდან პროტესტი შვილების ქართველებად გაზრდა იყო.

დღეს იუნკერთა საფლავები ყვავილებით შეამკეს, ცუდია, რომ მომავალ 25 თებერვლამდე ისინი ძალიან ცოტას გაახსენდება, ხოლო ერთი წლის მერე ისევ ახალი ლოზუნგები, საფლავთან სამახსოვრო სურათების გადაღება, ნერვიულად სახის კუნთების თამაში (ჩუმად თვალის გაპარება, გხედავენ თუ არა). პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე მომაბეზრებელია და გულისამრევი.

7 წლის ვიყავი, როცა სოხუმი დავკარგეთ. მაშინ სოხუმის დაკარგვაზე მეტად დედას და მამიდას ცრემლებს უფრო განვიცდიდი. უმძიმესი დასანახი იყო მამას უსუსური სახე, რადგან ამ წამამდე მამა უძლეველი და ყოვლისშემძლე მეგონა. სწორედ ამ დღეებში გავიგე პირველად სიტყვა - ოკუპაცია. ამ დღის შემდეგ ლამის ცხოვრების თანამგზავრად მექცა. იმედია მალე სამუდამოდ მოვიშორებ ამ მახინჯ სატელიტს. ამის იმედს ჩემი შვილი მაძლევს, რომელიც ძალიან მინდა ისეთ საქართველოში გაიზარდოს, სადაც ოკუპაციის გაპროტესტება არა მოდა, არამედ შინაგანი პროტესტი იქნება.

პ.ს. დამთხვევები შემთხვევითია და საკუთარ თავზე ნურავინ მიიღებს

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

ფოტო: ირინა ანდრეევა

იხილეთ ასევე: 12 ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია