"საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს

 "საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან" - ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრას "პირად მტრებს" უკავშირებს

საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

ქანთარიამ უპასუხა იმ გამოხმაურებებს, რომელიც მომხდარის პირადი მოტივის თაობაზე მის მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ დღესაც იგივე აზრზეა და თეორიულადაც გამორიცხავს რამე პოლიტიკურ მოტივს.

"მე გულწრფელად, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გასახატად. ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას, მის ღირსებაზე და სინდისზე იყოს. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს. დღესაც ვამბობ, ეს პირადი მტრების გაკეთებულია, ეს არის მათი შეკვეთილი. ასევე გეტყვით, ჯოხებით და იარაღით ერთად საერთოდ არ მიდიან ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა ნუკრი ქანთრიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი ერთადერთი არის ის, რომ ეს ფაქტი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მოხდა.

"დანარჩენი თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ეს ჩაიფიქრა და შეკვეთა გააკეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, კლასიკური მაგალითები გვაქვს, როცა თვითონ ხელისუფლება ჩადიოდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც. მან ასევე გამორიცხა პოლიტიკური მოტივი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში: "ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. მე მგონი არ უნდა ჰქონდეთ "თავისუფალ დემოკრატებს" საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია. თუ აქვთ რაიმე არგუმენტი, კი ბატონო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მან გამაკრიტიკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საქციელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, გამართლებულია, ეს რა თქმა უნდა დასაგმობია", - განაცხადა მეჭიაურმა.

ასევე წაიკითხეთ:

"გავიგე ზოგიერთ პოლიტიკოსს ვერსიაც ჰქონია, ყოჩაღ მაგათ!" - ეკა მიშველაძე ქანთარიას განცხადებაზე

"თურმე საავადმყოფოში სპეციალური განცხადებით მოსულა" - რატომ აკრიტიკებს ნათია ფანჯიკიძე ქანთარიას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."