დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე - ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ

დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე - ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში დამნაშავე პირები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარ ფაქტს ამაზრზენი დანაშაული უწოდა.

"ჩვენ სრულიად ამაზრზენი დანაშაულის მოწმენი ვართ. მე პირადად გახლდით იაპონიაში, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე. გუშინ დავბრუნდი და ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის მთელ სიმკაცრეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებ სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, მაგრამ ჩვენ საზოგადოება და პარლამენტარები, როდესაც "სისხლის სამართლის კოდექსში" ვწერთ რაღაც მუხლებს და სასჯელს აქედან იქამდე ვსაზღვრავთ, ვითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დანაშაული ხდება, განსაკუთრებით საზოგადოებისადმი, ადამიანისადმი, სიცოცხლისადმი, კანონით დაცული სიკეთისადმი ასეთი უპატივცემულობით, ასეთ დროს სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები თავიანთ მოვალეობას ძალიან სწრაფად გაართმევენ თავს.

"კარგი ამბავია ის, რომ ბუკას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც უცბად ჩაივლის იმიტომ, რომ ჩვენ ფართოდ უნდა შევხედოთ მსგავს საკითხებს და საქართველოში ადამიანები უნდა ვიყოთ იმ განცდით, რომ ვართ დაცულები. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, დაგეგმონ და აღასრულონ, დაინახავენ, რომ მათი ყოველი ასეთი ჩანაფიქრი იქნება ძალიან სასტიკად დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."