ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს

ნაცვლიშვილი - ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც ევროსასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს

ევა გოცირიძეს არ აქვს ის მორალური რეპუტაცია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებას გამოემხაურა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კომისიამ, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ევა გოცირიძეს უმაღლესი შეფასებები დაუწერა, რაც მისივე თქმით ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებაში ვერანაირ პრობლემებს ვერ ხედავენ იმ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო კომისიის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებამ დაანგრია მითი, რომ ხელისუფლება ვერ ერევა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, არის მაღალი მორალური რეპუტაცია. მე ვთვლი, რომ ამ ტიპის მორალური რეპუტაცია ქალბატონ ევას არ აქვს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად შეუსაბამოა კანონთან. უფრო მეტიც, მან მხარი დაუჭირა იმ მოსამართლის დანიშვნას, რომლის გადაწყვეტილებაც ევროპული სასამართლოს მწვავე კრიტიკის თემა გახლავთ. ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ხედვის ადამიანმა თავი გაართვას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ძალიან უცნაური პოზიცია სიტყვისა და გამოხატვის საზღვრებთან დაკავშირებით. ეს ფაქტორები ჩემთვის მას ხდის შეუსაბამო კანდიდატად და შეფასებისას ქულა საერთოდ არ დავუწერე.

კომისიის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას დაუწერა უმაღლესი შეფასება. ამით დაინგრა ის მითი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ნერგავდნენ, რომ საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და ხელისუფლება ვერ ერევა მის გადაწყვეტილებებში. გუშინ ადამიანებმა, რომლებმაც მაღალი შეფასებები მისცეს მას, დაადასტურეს, რომ ხელისუფლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმ პროცესში, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს და იმ ძალიან ღრმა კრიზისში, რომელიც სასამართლოს სისტემაშია შექმნილი. ამით მათ გაიზიარეს პასუხისმგებლობა. ჩემთვის ეს იყო ლუსტრაცია იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს მურუსიძის დანიშვნას და იმ სავალალო გადაწყვეტილებებს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ