ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო

ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საპატიო ჯილდო მიიღო

28 თებერვალს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კლუბ Queens Village-ში Lincoln Dinner-ის სახელით ცნობილი 141-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში სხვადასხვა დამსახურებისთვის დაჯილდოებულთა შორის გახლდათ ქართულ-ამერიკული საზოგადოება "თვისტომის" ხელმძღვანელი ექიმი ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელმაც საპატიო ჯილდო წლის ბიზნესმენის წოდებისა და "თვისტომის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ღონისძიებას ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა გარდა ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში კახა იმნაძე, ელჩი გაეროში დიანა ჟღენტი, ასევე აშშ-ის კონგრესმენები კრის გიბსონი, დანიელ დონოვანი, სენატორი ჯეკ მარტინსი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ კონკანონი და სხვა საპატიო სტუმრები. ჯილდო ნიკოლოზ ჩხეიძეს პირადად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჰემანტ შამ გადასცა.

ნიკოლოზ ჩხეიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს. სწორედ მისი დაარსებულია ნიუ იორკში პოპულარული რესტორნების ქსელი "თონე კაფე" (TONE CAFÉ). გამორჩეული მენიუსა და სამზარეულოს წყალობით, ქსელმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნიუ იორკის ეთნიკურ სამზარეულოებს შორის. ნიკოლოზ ჩხეიძე 2013 წელს დაარსებულ "თვისტომს" ხელმძღვანელობს. ასოციაციის მთავარი მიზანი ქართული დიასპორის ერთიან და ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაა.

"სათვისტომო" ისეთ ორგანიზმად უნდა იქცეს, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს აშშ-ში იმიგრაციასა და ადგილობრივ სოციუმთან ადაპტაციაში (და არა ასიმილაციაში) დაეხმარება. მისი გაძლიერებით საქართველოსთვის გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობიც შეიქმნება, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აშშ-ში სტაბილურ საყრდენს შეუქმნის, რაც თავისთავად საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სტაბილური გარანტიაც იქნება", - ამბობს ნიკოლოზ ჩხეიძე.

- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით სათვისტომოს საქმიანობით?

- "სათვისტომოს" შექმნა აშშ-ში ჩვენს დიასპორაში არსებული მდგომარეობიდან, ასევე, წლების განმავლობაში საქართველოს მძიმე საშინაო თუ საგარეო სტატუსიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. მორალურად მყარი და ფინანსურად ძლიერი ქართული სათვისტომო აშშ-ში თითოეული ემიგრანტის მშვიდი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კეთილდღეობის აუცილებელი პირობაცაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ემიგრაციას საქართველოში ყოველწლიურად 2 მილიარდამდე აშშ დოლარი შემოაქვს, დავინახავთ, რომ ეკონომიკურად ძლიერი და სტაბილური ქართული სათვისტომო არა მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ დიასპორებს სჭირდებათ, არამედ ჯერ კიდევ მშენებარე ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება სწორედ აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერასა და თანადგომაზეა დამოკიდებული.

- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დიასპორის ხელმძღვანელობა?

- ემიგრანტებში საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაბრუნება რთულია, ვინაიდან მრავალი წლის განმავლობაში არ გრძნობდნენ ყურადღებას როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. ამის თვალნათელი მაგალითია, როდესაც 2012 წელს ისედაც წლებით იმედგაცრუებულ და ნიჰილიზმში ჩავარდნილ ემიგრანტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც შეუზღუდეს. მიუხედავად ჩვენი აქტიური პროტესტისა, ეს შეზღუდვა ძალაში დარჩა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება ემიგრანტებში ნიჰილიზმს აძლიერებდა და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩაურთველობას იწვევდა, რაც მათ სამშობლოსგან კიდევ უფრო აშორებდა. დღეს ახალი რეალობაა, ხელისუფლების ცვლას ახალი იმედები მოჰყვება. ასე იყო 2003 წელს და ასე იყო 2012-შიც. არ მინდა იმედგაცრუება ქრონიკულ გრძნობად გადაგვექცეს. იმედია, ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვლება და ხელისუფლება ემიგრანტების საკითხს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.

- ექიმობას, დიასპორის ხელმძღვანელობასა და რესტორნების ქსელის გაძღოლას ათავსებთ...

- როგორც ექიმი, პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა ჩემი საქმიანობა სამედიცინო ბიზნეს-მენეჯმენტსა და, შესაბამისად, ქართველებისთვის სამედიცინო მომსახურების სამსახურის აწყობას ემსახურება. შემუშავებული გვაქვს სპეციალური გეგმა, თუ როგორ შეიძლება მონიტორინგზე აიყვანო ქართული დიასპორა ამ კუთხით, გამოავლინო და აკონტროლო მაღალი რისკის მქონე ემიგრანტები. გვინდა, ქართული დიასპორის ე.წ. სამედიცინო რუქა შევქმნათ. თითო ემიგრანტი საქართველოში ზოგჯერ რამდენიმე ოჯახს ინახავს, შესაბამისად, ემიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურობა და რისკების პრევენცია საქართველოში ათასობით ოჯახის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია.

- როგორია თქვენი გეგმები პარტიის მუშაობასთან დაკავშირებით?

- Queens Village Republican Club-ის, აშშ-ს ერთ-ერთი უძველესი, 1875 წელს დაარსებული რესპუბლიკური კლუბის დირექტორატის წევრი და ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ. 2016 წლიდან ვგეგმავ ადგილობრივ საარჩევნო პროცესში უფრო აქტიურად ჩავერთო. მინდა, მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქის სტატუსის მქონე ქართველმა ემიგრანტმა გაითავისოს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. დროა ამერიკულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა ესტაბლიშმენტმა და მედიამ გაგვიცნოს. ამის გარეშე ჩვენი, როგორც ეთნიკური უმცირესობის, გაძლიერება წარმოუდგენელია.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება აუცილებელია მსოფლიოში არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა პუტინის რუსეთი ან ისლამური სახელმწიფო. ეს თანმიმდევრული, უკომპრომისო და მყარი ლიდერი ქვეყნის სტატუსის დაბრუნების საწინდარია, რაც დღევანდელ მსოფლიოს გაცილებით უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის. რეიგანის დროინდელი აშშ-ის ნოსტალგია დღეს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც აქვს. ის სწორედ რეიგანისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით მოესწრო "ბოროტების იმპერიის" ნგრევას და დღეს თავისუფალი მსოფლიოს თავისუფალი მოქალაქეა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ია ვეკუამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია