"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"

"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ, რომელიც დღისით, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე მოხდა, ჩვენში ბევრს გაახსენა გასული საუკუნის შავბნელი 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა მეფობდა და კრიმინალური ვითარება უკიდურესად მძიმე იყო. კრიმინალის იმჟამინდელ მასშტაბთან დღევანდელი სიტუაციის შედარება, საბედნიეროდ, არაადეკვატური იქნება, თუმცა მიუხედავად სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი საიმედო სტატისტიკისა, ფაქტია, რომ გარდა შემზარავი დანაშაულებისა, გახშირდა ყოფითი ხასიათის დანაშაულიც.

იმ ვითარებაში, როდესაც დამნაშავე ბედავს ჩაუსაფრდეს ცნობილ პოლიტიკოსს და სასტიკად გაუსწორდეს, როგორ იგრძნობს დაცულად თავს რიგითი მოქალაქე? - სწორედ ამ კითხვით იწყება "კვირის პალიტრის" ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან: "ეს თავდასხმა, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ. ჩემი შეფასებით, თავდასხმას ალექსი პეტრიაშვილზე აშკარად შეკვეთილი დანაშაულის ნიშნები აქვს, როდესაც ვიღაცის მითითებით სწორედ ის იყო სამიზნე. ეს ფაქტი შეურაცხყოფს სახელმწიფოს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ - შემსრულებელი ან რა იყო თავდასხმის მოტივი... არაფრით არ შეიძლება ეს შერჩეს ან ჩამფიქრებელს, ან კიდევ შემსრულებელს. იმედია, საქმეს დროულად გამოიძიებენ, ოღონდ ისე, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც.

დანაშაულის ზრდა, ნაწილობრივ შეიძლება ავხსნათ სასჯელაღსრულების სისტემის ლიბერალიზაციითაც. როდესაც ვცდილობთ, გადავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე და დემოკრატიული პროცესი შეეხოს ყველა სფეროს, მათ შორის, ამასაც, ეს მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს სიმკაცრის შესუსტებას იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებიც კანონის ფარგლებში მკაცრი რეჟიმის პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს. ისიც უნდა ითქვას, რომ ზედმეტად ზრდილობიანი გახდა ჩვენი პოლიცია, ხშირად ქუჩაში მიმდინარე პროცესებისა თუ წვრილმანი დანაშაულისადმი მათი დამოკიდებულება გულგრილია.

ელემენტარულ რამეს გავიხსენებ: როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოების წესის დარღვევით მიწისქვეშა გადასასვლელების თავზეც კი ქუჩას წითელ შუქზე ჭრიან და მანქანების ზღვას მიარღვევენ, პატრული შესაძლოა იქვე იყოს და ამას მშვიდად ადევნებდეს თვალს ისე, რომ არანაირი ზომა არ მიიღოს... ამ პატარა მაგალითითაც ჩანს, რომ სამართალდამცავთა მოქმედება არ არის ადეკვატური და ოპერატიული. ამის განზოგადება უფრო სერიოზულ სამართადარღვევებზეც შეგვიძლია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე უკეთესი ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც დამნაშავედ სახელმწიფო სისტემა იყო ქცეული და ნებისმიერი, სამართალდარღვევის შემთხვევაში თვითონ მოქმედებდა სადისტური მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სიფხიზლეც, თუ რაიმე მიუღებელს წავაწყდებით, უმრავლესობა თვალს ვარიდებთ ამას და გვგონია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. როცა შეგვეხება, უკვე გვიანი იქნება.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 თებერვლის ნომერში ან გახდით გაზეთის ხელმომწერი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ