ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს - ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც

ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს - ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც

ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში არ უნდა გადასულიყო.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ხიდაშელი უპირისპირდება თოფაძეს და "მრეწველებს", ხოლო "თავისუფალ დემოკრატებს" მაშინ დაპირისპირება მოუხდათ ყოფილ პრემიერებთან.

"საქართველოში მოვლენების და მცნებების აღრევა ხშირად ხდება. ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და "მრეწველების" პარტია, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული და ჩაგვიშალეს ქვეყნის უშიშროებისთვის და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ასევე დააკავეს 5 უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომელი. ამ 2 ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა", - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთადერთი მიზანი იყო, რომ მათი პარტია ოპოზიციაში წასულიყო.

"ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა - ვინ წავა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."