ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს სწორი შენიშვნა მისცა.
"თოფაძის არაკორექტულობა და მისი საქციელი ეს არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ თინა ხიდაშელმა და "რესპუბლიკურმა პარტიამ" ეს აქცია ნაციონალურ და შეიძლება ითქვას საერთაშორისო პრობლემად, რითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ კოალიცია "ქართულ ოცნებას", არამედ ქართულ სახელმწიფოს და პრემიერმა ამას გაუსვა ხაზი", -განაცხადა ხუხაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას "დროულს" უწოდებს.
"პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან დროული, ის ზუსტი გზავნილების შემცველია. მე სრულიად ვეთანხმები ამ განცხადების თვითოეულ შემადგენელს. მიმაჩნია, რომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია უსწრაფესად იყოს ყურადმიღებული პრემიერის ეს მოწოდება და დასრულდეს ნებისმიერი საჯარო დებატი ამ საკითხზე, მოხდეს კოალიციის შიგნით ყველა განსახვავებული პოზიციის შეჯერება. ბუნებრივია, საკითხების გადაწყვეტა ასეთ ფორმატში ვნებს საერთო ინტერესებს."- აღნიშნავს ბესელია.
"პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიასივრცე დაიპყრო – გარკვეულმა, აბსოლუტურად მიუღებელმა კამათებმა გინდაც ერთ-ერთი ფრაქციის, თუ პარტიის ლიდერის მხრიდან და გინდაც მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მინისტრის მხრიდან. ვფიქრობ, ამ პირადულს ხაზი უნდა გადავუსვათ და დავუბრუნდეთ იმ მწყობრ სტრატეგიას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ყოველთვის
გააჩნდა", - ამბობს ვოლსკი.
ღარიბაშვილისგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილი უფრო ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საქმე არც მაშინ კეთდებოდა და არც ახლა მიდის წინ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებას.
"ამ კოალიციაში მთავარ თემებად გახდა ეს დაპირისპირება, რომელშიც ყველა მეთოდს იყენებენ - დაწყებული იმით, ვინ რა დააშავა არჩევნებზე და დამთავრებული, ვის რა მსოფლმხედველობა აქვს და ვის მოსწონს სტალინი. ეს ხალხი იმაზე კი არ ლაპარაკობს, როგორ გამოჯანმრთელდეს ქვეყანაში სიტუაცია, "ქართული ოცნების" მთელი ენერგია მიმართულია იმაზე, რომ დააშოშმინონ ერთ მხარეს "მრეწველები" და თოფაძე და მეორე მხარეს, "რესპუბლიკელები" და ხიდაშელი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის პრობლემები ამ კოალიციაში საერთოდ არავის აწუხებს," - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა, როგორც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, ასევე დეპუტატ გოგი თოფაძეს მიუთითა, რა არის მისთვის მიუღებელი ამ დაპირისპირების პროცესში.
რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ცვლილებებზე, საყვარელიძის განცხადებით, მინისტრი თუ არ იქცევა ისე, როგორც მინისტრის სტატუსს შეესაბამება, ან მეორე მხარე, პოლიტიკოსი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც პოლიტიკური გუნდის პოზიციებს არ ემთხვევა, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
"ასეთი პოზიცია დაიკავა კვირიკაშვილმა და ეს პოზიცია ითხოვს დაფიქრებას როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პრემიერ მინისტრის განცხდებას – პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ეთანხმება დეპუატატი ზურაბ ტყემალაძე.
"მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის განცხადების პათოსს. ვეთანხმები სულისკვეთებას, რომ საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოს ფარგლებში უნდა იხილებოდეს. ვეთანხმები იმაშიც, რომ თუკი რაღაც მიუღებელი გაგრძელდება, მას უფლება ექნება, გადაწყვეტილებები მიიღოს. აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები", - განაცხადა ტყემალაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმ ღრმა კრიზისზე, რომელიც არის "ქართულ ოცნებაში", როგორც მთავრობის, ისე კოალიციის ფარგლებში, - ასე შეაფასა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება.
"როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს "რესპუბლიკებსა" და გოგი თოფაძეს შორის, უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ის საკმაოდ დაბალი რეიტინგი, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, სხვა ფორმით და სხვა მოთამაშეებით დააბალანსოს. ცხადია, რომ მთავრობაშიც არის პრობლემა. არ არის ქვეყნის მმართველობის ეფექტური მექანიზმები, არის მეტი პოლიტიკური ამბიციები, ვიდრე საქმე და რეალურად ეს არის გარკვეული შიდა ბრძოლა, რომელიც რაც არ უნდა მალოს "ქართულმა ოცნებამ", მაინც ამოვა ზედაპირზე,"- აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.