მარიკა კოდუა ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ცხოვრობს და სამ სხვადასხვა მეურნეობას ერთდროულად უძღვება.
23 წლის მარიკას უკვე საფუძვლიანად შეუძლია საუბარი დარგში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე და მისი არგუმენტების უკან უკვე მრავალწლიანი ფიზიკური შრომა, თითოეულ სფეროსთან უშუალო შეხება და პირადი გამოცდილება დგას. მცირე ასაკის მიუხედავად, მარიკამ უკვე გადმოიბარა მშობლების მიერ წამოწყებული თხილისა და თაფლის მეურნეობაც და ოჯახურ ბიზნესს კიდევ ერთი ახალი, სილოსის საწარმო შემატა.
მარიკა კოდუა: ,,სიმინდის სილოსი ვაკუუმში შეფუთული საქონლის საკვებია, რომელიც წელს პირველად გამოუვუშვით სარეალიზაციოდ. გამოიყენება საქონლის საკვებად და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩვენს რეგიონში სავარგულების უმრავლესობა თხილს უკავია, შესაბამისად საძოვრების ნაკლებობაა. ადგილობრივებს თივაც კი გორიდან მოაქვთ. სილოსს მცირე ფერმერები საქონლის საკვებად იყენებენ. საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტია და მე ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელიც."
კოდუების საკუთრებაში არსებული სილოსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები ერთმანეთისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მარიკას ოჯახმა თხილის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2001 წლიდან დაიწყო. ნედლეულის ნაწილს საკუთარი პლანტაციებიდან, ნაწილს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებენ. მარიკა ნედლეულის აღებიდან მის რეალიზაციამდე საჭირო ყველა საქმეს თავად უძღვება და აქტიურადაა ჩართული მეფუტკრეობის სფეროშიც.
კოდუების ოჯახი ყოველწლიურად 70 სკისგან 2 ტონამდე თაფლს იღებს. პროდუქტი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მარიკას თაფლის ბრენდირებაზეც ნაფიქრი აქვს, მაგრამ მწირმა ბაზარმა და დროის ნაკლებობამ ჯერჯერობით, გეგმებში კორექტივების შეტანა აიძულა. ახალგაზრდა ფერმერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ კუთხით კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
- სოფლის მეურნეობის სამ სფეროში ერთდროულად ხართ ჩართული. საქმიანობისას რა ძირითად პრობლემებთან გიწევთ შეხება?
- განსაკუთრებული პრობლემა სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. სოფელში არსებული ქონება ნაკლებად ლიკვიდურად აღიქმება, მით უმეტეს მიწის რესურსი, შესაბამისად ფინანანსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით ჭიანურდება საქმე, თუ ახალგაზრდა ადამიანს ზურგს არავინ უმაგრებს. ქარხანას რომ ვაშენებდი, მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით, დიდ სირთულეებს გადავაწყდი. ზემოდან ინიციატივები მოდის, მაგრამ მათი განხორციელება ადგილობრივ დონეზე არ ხდება და ფერხდება. განკარგულებების უმრავლესობა ქვედა დონეზე არ სრულდება და ამას სამწუხაროდ, არავინ აკონტროლებს.
- თუმცა, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა მიჩნეული... იხილეთ სრულად