"ამ ადამიანში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიც კი არის. განათლება და ერუდიცია ამ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად სჭირდება. ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალზე დახვეწილი და ფრთხილია. ქუდბედიანობით და იღბლიანობით გამოირჩევა. ენამახვილია. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, საკუთარ თავზე უამისოდაც დიდი წარმოდგენა აქვს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნათია ფარჯანაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული, ისიც - ბავშვობაში. მახსოვს, ნაწილი დაემთხვა ჩემს ხასიათს, ნაწილი კი აბსოლუტურად საპირისპირო იყო.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ეთანხმები?
- ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ამ მხრივ უკმაყოფილო ნამდვილად არ გახლავართ. იღბალი მწყალობს. როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მეც მაქვს სურვილები, რომლის ასრულებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ ბევრი რამ ამისრულდა.
- "თანდაყოლილი სიფრთხილე, კომფორტის სიყვარული და ფინანსური ალღო ახასიათებს".
- ხან როგორ ხდება და ხან - როგორ. არ შეიძლება, ადამიანი ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე იყოს. ზოგჯერ ძალიან ფრთხილი ვარ, ზოგჯერ - პირიქით, ვრისკავ.
- ხშირად რისკავ?
- არა.
- ფინანსურ ალღოზე რას იტყვი?
- არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს (იცინის)? ვერ ვხვდები, რა არის. აბა, სად მსახიობი და სად ფინანსური ალღო? კომფორტი მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობაში.
- "ის ყოველთვის თათებზე ეცემა".
- შეიძლება, ასეც ითქვას. წარსულში მტკივნეული მარცხი არ მქონია. ყოველთვის ვცდილობ, რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი ვიპოვო, რომ ნაკლებად დავზიანდე და ამას თათებზე დაცემა თუ ჰქვია, არ ვიცი.
- "სიღრმეებში ჩაძიება არ აინტერესებს. მშვიდი და მარტივად ცხოვრება ურჩევნია".
- ვერ დავეთანხმები. მე ყოველთვის სიღრმე მაინტერესებს. მშვიდი ცხოვრება კომფორტია, მაგრამ არ ვიცი, მარტივი ცხოვრება როგორია.
- მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ხშირად "მიცურავ"?
- სულ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. არც სტერეოტიპებს ვამსხვრევ და არც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, გამოდის, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვცურავ - ეს ბუნებრივად ხდება და არა გამიზნულად.
- "ელიტური ჭორების ცენტრში ყოფნა უყვარს. თავად ძალზე დახვეწილი და ფრთხილია".
- ტყუილია.
- "უყვარს მასპინძლობა და ლამაზი საღამოების ორგანიზება".