"დგომა-გაჩერების" წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა არ შეცვლილა - შსს

"დგომა-გაჩერების" წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა არ შეცვლილა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავტომობილების მძღოლები "დგომა-გაჩერების" წესების დარღვევისთვის 200 ლარით ჯარიმდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებს დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო მძღოლს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში ეკისრება თუ წესების დარღვევამ საავარიო მდგომარეობის ან საცობის შექმნა გამოიწვია, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლით განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალების დგომა–გაჩერების წესები, რომლებიც მოიცავს როგორც "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" ამკრძალავ ნიშნებს, ასევე დგომა–გაჩერების წესებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, ის უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს და ა.შ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე–8 ნაწილით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომა–გაჩერების წესების დარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც გამოიწვია საცობი. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით. იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და, შესაბამისად, მოძრაობის ინტენსივობის ზრდას, ამგვარი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს საგზაო მოძრაობას და ქმნის მისი პარალიზების მაღალ რისკს. აღნიშნული გარემოებების გამო, შსს-ს საპატრულო პოლიცია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებულია გაამკაცროს ადმინისტრირება დგომა-გაჩერების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებასა და ე.წ. საცობის შექმნას,"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ