დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!

დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?!

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. პლენარულ სესიაზე კენჭისყრის დროს დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივამ მხოლოდ 47 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, წინააღმდეგი 21 დეპუტატი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხზე საზოგადოებაში ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. დავბოლდეთ თუ არ დავბოლდეთ?! - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას იურისტი დავით ჯაფარიძე წინამდებარე ბლოგით შეეცდება:

"აი, როგორც იქნა, ქვეყანაში მივაღწიეთ განვითარების ისეთ პიკს, როდესაც აღმოვჩნდით სერიოზული დილემის წინაშე - მარიხუანას მოწევის ლეგალიზაცია თუ დეკრიმინალიზაცია, საკითხავი აი ეს არის. რამდენ სალაპარაკოს აჩენს ეს აღგზნებადი და აალებადი სფერო. საქართველოში ხომ ყველა ფეხბურთის მწვრთნელია, პოლიტიკოსი, კულინარი, და რაც მთავარია მორალისტი, ზნეობისა და სიწმინდის დამცველი რაინდია და უმეტესობას რა თქმა უნდა, მარიხუანა ან არ გაუსინჯავს პირადად საერთოდ, ან ვისაც გაუსინჯავს, გმობს თავის ახალგაზრდულ შეცდომას.

არ დავიღალეთ ამ გაუთავებელი უგუნური აჟიტირებულობისა და თვალთმაქცობისაგან? არ გვინდა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადავერთოთ? რეალურად ვინმეს აწუხებს ეს თემა? ხვალ რომ შეკვრებად გაიყიდოს მარიხუანა ქუჩაში, ყველანი ქორებივით ვეცემით? იქნებ ცოტა დავწყნარდეთ და ნუ შევიქმნით პრობლემებს, იქ სადაც საჭირო არ არის. ამიტომ, ამ სტატიაში გთავაზობთ მენტალური პროექციონიზმით დავკავდეთ. მაგალითად, არ ღირს მარიხუანას ლეგალურად დაშვება იმად, რომ დაბოლილი პარლამენტარი ან მთავრობის წევრი ვიხილოთ? იქნებ მონობისაგან გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ჩაკრები გაეხსნათ და რამეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ. საინტერესო თუ არ იქნება, ვიხალისებთ მაინც.

ყველაფერი შედარებითია, მაგრამ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხსნის თუნდაც შემდეგ საკითხებს:

• სახლში გვიან მობრუნებული მთვრალი მამაკაცი ცოლ-შვილს შეკვეთილი სიმღერებისა და ცემა-ტყეპის ერთდროულ სეანსებს უტარებს და მეორე დღეს საქართველოს და ოჯახის სიყვარულში ეჯიბრება ყველას (მარიხუანას მომხმარებელი ამას არ კადრულობს ან ენერგია არ აქვს ამდენი პრინციპში, ასეა?)

• ნაგვის ურნასთან დგახარ ამაყი აზიური თუ ევროასოცირებული მზერით და ნაგავს მაინც ქუჩაში ყრი

• ავტომობილით უწესო მოძრაობა სოდომსა და გომორს ჰგავს და უცხოელ სტუმრებში გულის შეტევებს იწვევს

• ვინმე ძალით "ელიტური" ტიპი მწვანე შარვლით გაივლის და ამის შემდეგ ძალიან ბევრი ცდილობს მის მსგავსად გაზაფხულზე აბიბინებული მოლის ფერებში ჩაცმას

• ქრონიკაში, ინსცენირებული ომის სიუჟეტის დროს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი საზვრისპირა ბოძებზე მსხლებივით რომ იყო ჩამოკიდებული (ვინც არ ყოფილა, ნამდვილად ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე)

გავაგრძელო? აღარ მინდა, მეზარება და გულისამრევია უკვე, ყველას შეუძლია ამ კითხვების წრის გაფართოება და დაფიქრება. უბრალოდ არ მგონია, რომ მარიხუანას მოხმარება თუ არმოხმარება იწვევდეს ზემოაღნიშნულს, ეს ღრმა მენტალური პრობლემების შედეგია და მარიხუანას მოწევის თავისუფლება თუ აკრძალვა, დიდ გავლენას არ ახდენს მათზე.

ერთი კითხვა მაქვს საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის პრომოუტერებთან - რას შვრებით? არ გაქვთ სურვილი თქვენს ოკეანისგაღმელ, თუ დუნაის და რაინისპირელ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ჰკითხოთ, როგორ ხდება ასეთი ტიპის საკითხების საზოგადოებაში განხილვა-გატანა? შეიძლება რამე დასაბუთებული ავტორიტეტული სამედიცინო დასკვნების გარეშე ქვეყანაში ბობ მარლის კურთხეული სამოთხის კარის გაღება? არ უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე? რომელი სახეობის კანაფის, რა რაოდენობით, რა სიხშირით მოხმარება რა სახის პროცესებს და შედეგებს იწვევს? თამბაქოზე ხომ ვიცით ყველაფერი და თუ ვინმე შეგნებულად მიდის მაინც მოწევაზე, საპრეტენზიო ნაკლებიც გაქვს, რადგან გაფრთხილებული ხარ.

მარიახუნას მავნებლობასა თუ სარგებლიანობაზე საუბრისას, შეიძლება დავეყრდნოთ მხოლოდ ცალკეული პრაქტიკოსი ექიმების, მეცნიერების, "დაბოლილი" მეგობრების და მეზობლების მოსაზრებებს, საკუთარ გამოცდილებას, ჩვეულ ქართულ ჭორაობას და მითებს? ვფიქრობ, ასეთი მიდგომა, სულ ცოტა უპასუხისმგებლობაა.

ერთი შემოთავაზება მექნება მარიხუანას ლეგალიზაციის ლობისტებთან, ხომ მოწინავეები ხართ, გვანახეთ და წინ წაგვიძეხით. მაგალითად, ცოცხალი სატელევიზიო რეალითი შოუ გავაკეთოთ, პირობითად დავარქვათ ,,ცხოვრება მარიხუანასთან ერთად". შეიკრიბეთ, შოუს დაწყებამდე აგწონიან, გაგზომავენ და ა. შ. მერე "დაბოლდით" 1 თვე სხვადასხვა დოზით და იცხოვრეთ ასე, ჩვენც შემოგხედავთ. სახელი და გვარი თუ არ დაგავიწყდებათ, წონა, ზომა და ტვინის უჯრედების პარამეტრები თუ იგივე ან გაუმჯობესებელი დაგრჩათ და სახეს არ დაკარგავთ, მოგბაძავთ და ვიტყვით, რომ სასარგებლო და კარგი ყოფილა მოწევა. მარიხუანას სასარგებლო თვისებები რომც დამტკიცდეს, შეიძლება, არ მოგბაძოთ მაინც, თევზის ქონიც სასარგებლოა, მაგრამ ბევრს უყვარს და მიირთმევს? ყოველ შემთხვევაში, გვეცოდინება ჩვენი თავისუფალი არჩევანის ფასი. თუ არ გნებავთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკოთ თუ მხოლოდ მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ?!

მარიხუანას მოწევასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მაქვს, არ მგონია, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემას წარმოადგენდეს მარიხუანას ლეგალიზაცია და საზოგადოებრივ ცნობიერებაში რევოლუცია მოახდინოს ამის დაშვებამ, უპასუხისმგელობაზე და ზოგადად სიახლეების დანერგვის უტიფარ მიდგომებზე ვამახვილებ ყურადღებას. ამასთან, სრულიად ვიზიარებ, რომ მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება რამენაირად გამართლებული იყოს. უამრავი ტექნიკური და შემზღუდველი წესის შემოღებაა შესაძლებელი, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს - მკაცრად გამოყოფილი მოსაწევი ადგილები, ჯარიმები, ლეგალური მაღაზიები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მხრივ. თუმცა აქ ამ საკითხებს არ ვიხილავ, მიდგომებზე და მენტალობაზე მაქვს აქცენტი.

მცირე რეზიუმეს სახით კიდევ ვიტყვი, რომ საჭიროა კვალიფიციური, ერთხელაც ჯიუტად გავიმეორებ ამ საკითხის მრავალმხრივი კვალიფიციური განხილვა. მოსაზრება, რომ მარიხუანაზე გადასვლა სხვა ნარკოტიკებს ჩაანაცლებს, შესაძლებელია კარგი იდეაა, მაგრამ არის ეს დამტკიცებული ან გამოკვლეული საქართველოში?

ჩემ პირად აზრსაც გამოვხატავ ნარკოტიკებთან მიმართებაში, ყველანაირი ნარკოტიკი, მათ შორის მსუბუქიც, მიუღებელია ჩემთვის და სხვასაც მოვუწოდებ ამისკენ, რელაქსაციის სხვა უფრო ჯანსაღი ხერხები არსებობს. თუმცა, მარიხუანას მოწევასთან დაკავშირებით გაუგებარ ისტერიამდე მივდივართ, როდესაც ვამბობთ, რომ თაობები დაგვეკარგება და ახალგაზრდობა გაირყვნება, ყველა დაბოლილი ივლის და ასე შემდეგ. რა მაინტერესებს, სამსახურში ან პანაშვიდზე მთვრალი რომ არ უნდა მიხვიდე სადმე გაწერილია? მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ხომ არ ვაკეთებთ ამას. ეს შინაგანი კულტურის საკითხია და არ ღირს საყოველთაო დაბოლილობის აუცდენლობის ჰიპერბოლიზება. უკაცრავად და, სიბინძურის მოყვარული ყოველთვის იპოვის თავის სამყოფ ტალახიან გუბეს. ამდენად, მოწიოს ვისაც რამდენი უნდა, ოღონდ თავად უნდა აგებდე პასუხს, როცა "დაბოლილობის" გამო სამსახურს დაკარგავ ან პანაშვიდზე სიცილით თუ ახვალ და მაგრად მოგხვდება ნათესავებისაგან.

ახლა არ დავიწყოთ, რომ ქართულ ტრადიციაში არ ყოფილა მოწევა და ეს დამპალი დასავლური ფასეულობები თავს მოხვეულია. ჯერ ერთი, ეს ბოლომდე დაზუსტებით არავინ იცის, მოწევის ტრადიციებზე ვამბობ, და რაც შეეხება უშუალოდ მოწევას, ეს სულაც არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას და ფასეულობას, არც დასავლურს მათ შორის. ისევე, როგორც არამწეველი გმირი არ არის, არც მწეველია ზნედაცემული. მეოცე საუკუნის 60-იან წლებს არ ვიხილავ, ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა, დღევანდელ რეალობაზე ვსაუბრობ - ეს ერთ-ერთი ხერხია განტვირთვის და თავისუფალი ქმედების ერთ-ერთი სახეა მილიონობით თავისუფალ ქმედებებს შორის, ისევე, როგორც პარაშუტით ხტომა.

ტრადიციებს და პატრიოტულ შეგრძნებებს დამატებით რაც შეეხება, სასმელით დათრობა გვიანდერძა დავით აღმაშენებელმა? გვერდზე გავიხედოთ და დავინახავთ, იაფფასიანი არყით და სახლში გამოხდილი ჭაჭით დამთვრალი ადამიანები როგორ ხოცავენ ერთმანეთს. დაბოლილი მოძალადე გვინახავს სადმე? ვკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოგვაწვდის სტატისტიკას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ შორის ძალადობრივზე, თუ ასეთი არსებობს. თანაფარდობასაც გვეტყვიან, რამდენია დაბოლილი და არყით დამთვრალი მკვლელი, ხულიგანი, ყაჩაღი, მძარცველი, მოძალადე და საგზაო შემთხვევების მონაწილე.

კიდევ ერთი, არავინ იფიქროს, თუ მოხდება მარიხუანას ლეგალიზაცია ან დეკრიმინალიზაცია, ეს საზოგადოების მხოლოდ რომელიმე ჯგუფს შეეხება, ან რომელიმე ვიწრო სუბკულტურის კუთვნილება გახდება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, დიახ, პარლამენტარი, მინისტრი, პრეზიდენტი, მოსამართლე, მატარებლის მემანქანე, თვითმფრინავის პილოტი, სასწრაფო დახმარების ექიმი, მეხანძრე, მღვდელმსახური, პურის მცხობელი, მასწავლებელი - ყველა გახდება თავისუფალი და თანასწორი ამ თვალსაზრისით. ამდენად, ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ჩვენი სამოქალაქო დისციპლინის და ნებისყოფის გამოცდა. ამასთან, მივეჩვიოთ საკითხების განხილვას და გადაწყვეტას ისტერიული ფეხის ბაკუნის გარეშე.

ოღონდ, ისე არ გამოვიდეს, რომ ახალგაზრდობამ საერთოდ გაატაროს ეს საკითხი, არ დაინტერესდეს მოწევით და იქით არ გვთხოვონ გონზე მოსვლა, მერე ჭკუა ვის დავარიგოთ და მორალი ვის წავუკითხოთ?!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია