ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მრავალი ადამიანისთვის, XIX საუკუნის კლასიკური მუსიკის განსახიერებაა.
მან საზოგადოებაში ხელოვნების ამ დარგის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების დამკვიდრება შეძლო. განცვიფრებას კი ის იწვევს, რომ ყოველივეს გაკეთება სმენის დაკარგვის შემდეგ მოახერხა - "ინსტრუმენტის", რომელიც მუსიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბეთჰოვენის მამა და ბაბუა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ. ასე რომ, მუსიკალური კარიერა პატარა ლუდვიგისთვის წინასწარ გადაწყვეტილი იყო.
პირველად, პუბლიკის წინაშე 1778 წლის მარტში წარდგა, როცა მხოლოდ 7 წლის იყო, 12 წლისამ კი პირველი ნაწარმოები - "ვარიაციები დრესლერის მარშის თემაზე" დაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით ართმევდა თავს ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას, ბიჭუნა ყველა იმ მეცნიერებითაც ინტერესდებოდა, რაც სააზროვნო სივრცეს გაუფართოებდა.
პირქუში გენიოსი
ბეთჰოვენი ყოველთვის გამოირჩეოდა ინდივიდუალური ხედვით, ამიტომ არასდროს ჰქონია სურვილი, გაკვალული გზით ევლო. ის საკუთარი იდეების განვითარებას ცდილობდა. უარს ამბობდა მუსიკაში ფუნდამენტურ პრინციპებზე და საკუთარს ამკვიდრებდა. როცა 1787 წელს მას პირველად მოუსმინა მოცარტმა, დიდმა ავსტრიელმა წამოიძახა: "ის ყველას აიძულებს, მასზე ილაპარაკოს!" - და არც შემცდარა. XVIII საუკუნის ბოლოსთვის, მთელი ევროპა ტაშს უკრავდა ვირტუოზ პიანისტ ბეთჰოვენს, მაგრამ როგორც ადამიანი - ცოტას თუ უყვარდა.
ჯერ კიდევ ყმაწვილობისას, რთული ხასიათით გამოირჩეოდა. მასზე ლეგენდებიც კი დადიოდა. მაგალითად, ერთხელ, როცა ლუდვიგი მაღალი წრის რომელიღაც ღონისძიებაზე გამოდიოდა, ერთ-ერთმა კავალერმა ქალბატონთან საუბარი წამოიწყო, რითაც მუსიკის შემსრულებელს ხელი შეუშალა. ბეთჰოვენმა დაკვრა დემონსტრაციულად შეწყვიტა, ფორტეპიანოს თავსახური ხმაურით დახურა და განაცხადა: "ასეთი ღორებისთვის არ დავუკრავ!"
მისთვის არაფერს წარმოადგენდა არც წოდება და არც წარმომავლობა; ზიზღს გამოხატავდა მაღალი წრის ცერემონიების მიმართ და ამგვარ პირობითობას არა მარტო საკუთარი საქციელით, არამედ - გარეგნობითაც ეწინააღმდეგებოდა. მბზინავ და ფერუმარილიან XVIII საუკუნეში საკუთარ თავს უფლებას აძლევდა, დაუდევრად ჩაცმულს, ყალყზე დამდგარი თმით ევლო. ეს მაღალ საზოგადოებას მრავალ კითხვას უჩენდა. თუმცა, კომპოზიტორის ტალანტის თაყვანისმცემელნი, რომელთა შორისაც ხშირად ყველაზე წარჩინებული პერსონებიც იყვნენ, მიიჩნევდნენ, რომ "გენიოსს ყველაფერი ეპატიება".
ავსტრიის ერცჰერცოგმა რუდოლფმა, რომელიც ბეთჰოვენისგან ფორტეპიანოზე დაკვრის გაკვეთილებს იღებდა, სრულიად ოფიციალურად განაცხადა, რომ მაღალი წრის ნებისმიერი წესი მის ექსცენტრიკულ მასწავლებელზე არ ვრცელდებოდა.
ხმაური ყურებში
ბეთჰოვენის უხეში და ფიცხი ხასიათი მეტწილად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.
ყმაწვილური ასაკიდან ის მუცლის ღრუში აუტანელი ტკივილით იტანჯებოდა, რასაც ვერაფრით შველიდნენ. ამას კიდევ როგორღაც გაუძლებდა. გაცილებით უარეს სასჯელად სმენის პრობლემა იქცა, რომელიც 1796 წლიდან დაეწყო. შიდა ყურის ანთების შედეგად, ლუდვიგს ე.წ. ტინიტუსის რთული ფორმა განუვითარდა - "ყურებში ხმაური". ეს დაავადება ძირითადად, 55 წელზე უფრო მაღალი ასაკის ადამიანებს უვითარდებათ, მაგრამ კომპოზიტორს ის 26 წლის ასაკში დაეწყო. ამგვარი გართულების მიზეზი დღემდე უცნობია. თუმცა შესაძლოა, დიდი მუსიკოსის ერთმა ჩვევამაც შეუწყო ხელი: ის უმეტესად, ღამით მუშაობდა და ძილის გასაფანტავად, ხშირად ყინულიან წყალში ყოფდა თავს. შესაძლოა, დაავადების ბიძგი სწორედ გაცივება გამხდარიყო. სენის გამომწვევ მიზეზთა შორის სხვა, შესაძლო ვარიანტებსაც ასახელებენ: სიფილისი, ტიფი, წითელი მგლურა, მაგრამ დანამდვილებით არ არის ცნობილი, იავადმყოფა თუ არა მაესტრომ რომელიმე ამ სნეულებით.
ყურებში მუდმივი ჟღარუნი ბეთჰოვენის ფსიქიკაზე მოქმედებდა. ის მუსიკის წერაშიც ხელს უშლიდა. იმისთვის, რომ დაავადება დაემარცხებინა, დიდი ხნით განმარტოვდა ვენასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰაილიგენშტადტში. სამწუხაროდ, ექიმების ძალისხმევასა და რეკომენდაციებს არავითარი შედეგი არ მოუტანია. მეგობრებთან მიმოწერისას არ მალავდა, სმენის თანდათანობითი დაკარგვა მას თვითმკვლელობაზე ფიქრსაც რომ აიძულებდა. თუმცა კი, იმის რწმენა, რომ მუსიკალური ტალანტი უზენაესი განგებულების საჩუქარი იყო, ტრაგიკული აზრების დაძლევაში ეხმარებოდა.
ითვლება, რომ ბეთჰოვენმა სმენა 1814 წელს სრულად დაკარგა. არადა, მანამდე იძულებული იყო, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეეცვალა. კომპოზიტორი სპეციალურ სასმენ მილაკებს იყენებდა, რაც საშუალებას აძლევდა, მუსიკა და საუბარი გაეგონა. ყოფაში მისთვის გაცილებით მოსახერხებელი გახლდათ, როცა მოსაუბრე საკუთარ რეპლიკებს რვეულში უწერდა, თვითონ კი ხან ხმით პასუხობდა, ხან - წერილობით. ასეთი სასაუბრო რვეულების ოთხი ასეული დაგროვდა, მაგრამ ჩვენამდე დაახლოებით ნახევარზე ცოტა მეტმა მოაღწია.
მუსიკის თეორიის სიღრმისეული ცოდნა და მელოდიის "შინაგანი სმენით" შეგრძნება ბეთჰოვენს საშუალებას აძლევდა, გასცნობოდა ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებს - უბრალოდ, პარტიტურის წაკითხვითაც კი. სწორედ ამგვარად, ბგერის მოსმენის გარეშე, ის ვებერისა და როსინის ოპერებს გაეცნო, ასევე - შუბერტის სიმღერებს.
ბოლო აკორდი
ყველაზე საკვირველი ის არის, რომ სმენის დაკარგვის შემდეგ, გენიოს კომპოზიტორს მუსიკის წერა არ შეუწყვეტია. მაშინ, როცა სამყაროსთან ხმოვანი კავშირი უკვე სრულად დაკარგული ჰქონდა, თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები შექმნა: სონატები, სიმფონიები და ერთადერთი ოპერა - "ფიდელია". საკუთარ შინაგან სამყაროში ნოტები და ჰარმონია ისეთივე სიცხადით ესმოდა, როგორც უწინ. გაცილებით მეტ სირთულეს პუბლიკის წინაშე გამოსვლა წარმოადგენდა: საკმარისი აღარ იყო შინაგანი შეგრძნებები, მაყურებლის ემოციის გასაგებად "გარეგანი" სმენაც საჭირო ხდებოდა.
1811 წელს ბეთჰოვენი იძულებული გახდა, საკუთარი საფორტეპიანო კონცერტი - N 5 შეეწყვიტა და მას მერე, აღარასდროს დაუკრავს სახალხოდ. განაგრძეთ კითხვა