"დათვებო", "ბორჯღალოსნები" მოდიან!

"დათვებო",  "ბორჯღალოსნები" მოდიან!

შაბათს რაგბია, "ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" ესტუმრებიან. თამაში რთული იქნება, რადგან მასპინძლები განსაკუთრებულად ემზადებიან ჩვენთან შესახვერდად. აკი თქვა კიდეც მათმა მთავარმა მწვრთნელმა - დროა, საქართველოს მოგებების სერია დასრულდესო. როგორც ჩანს, ალექსანდრ პერვუხინი (რუსეთი ნაკრების მთავარი მწვრთნელი) სკოლაში ცუდად სწავლობდა მათემატიკას და არ იცის რას ნიშნავს მათემატიკური მუდმივა, თორემ ასეთ რაღაცას არ იტყოდა, რადგან დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რუსთა ძლევა სწორედაც რომ მუდმივი მოცემულობაა.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ფორუმზე დაწერეს - მოვიგებთ, მაგრამ ეს მოგება ტრაგედიააო. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ერთი შეხედვით ცოტა წარმოუდგენელია, მოგება როგორ უნდა იყოს ტრაგედია, მაგრამ ნამდვილად ასეა, რადგან ეს მოგება გუნდის ზრდას ვერ შეუწყობს ხელს. მეტიც, რუსებთან მოგებაზე მეტად ირლანდიასთან, ინგლისთან ან თუნდაც იტალიასთან დამარცხებით უფრო გაიზრდება ჩვენი გუნდი. ალბათ მაგის დროც მოვა, როცა ბობოლებთან მოგებას გავუშინაურდებით, მაგრამ მანამდე "ტრაგედიით" უნდა გავიხაროთ.

შაბათს არ გვეყოლება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე. ეს ფაქტი ძალიან ახარებთ რუსებს და სხვადასხვა ფორუმებზე ამას არც მალავენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ხანია აღარაა ის გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთ მოთამაშეზეა დამოკიდებული.

ბუნებრივია, მამუკას ყოფნა დიდად წაადგებოდა ნაკრებს და ბევრ რუსს დაწყვეტდა გულს, მაგრამ რუსთა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ შაბათს უმამუკობას ვერ იგრძნობენ, რადგან ერთად მდგომი 15 ბორჯღალოსანი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე "დათვებს" ჰგონიათ.

სამწუხაროდ, მავანს რაგბი რუსეთთან თამაშიდან თამაშამდე არც ახსენდება. ასეთი "გულშემატკივართა" უმეტესობა ამ თამაშს ზედმეტად პოლიტიზირებულს ხდის, მაშინ როცა მოთამაშეები საერთოდ არ მიიჩნევენ მტრებად "დათვებს", მეტიც, რუს მორაგბეებთან მეგობრობენ და თამაშის შემდეგ ტრადიციულ მესამე ტაიმზე კარგადაც ილხენენ ხოლმე. ბევრ ქართველ მორაგბეს უთამაშია რუსეთის ჩემპიონატში. ნაკრების ლიდერი დავით კაჭარავა ახლაც იქაა და "ენისეის" გამარჯვებების სულისჩამდგმელია. ხოლო ერთი ქართველი მორაგბის ოჯახს, რომელიც წლების მანძილზე კრასნოიარსკში თამაშობდა და უკვე ვეტერანი გარდაიცვალა, ყოფილმა თანაგუნდელებმა ფული გამოუგზავნეს. ამ ყველაფრის გამო ვინმე იტყვის, რომ ეს ბიჭები პატრიოტები არ არიან და სამშობლო არ ტკივათ?! "ბორჯღალოსნების" პოლიტიკა 80 წუთიანია და მსაჯის სასტვენთან ერთად სრულდება: მტრობაც და ყოველგვარი ქიშპობაც.

რაგბის ხიბლი სწორედ ეგაა, რომ სრულიად თავისუფალია პოლიტიკისაგან. რუსეთთან თამაში ჩვენთვის იგივეა, რაც რუმინეთთან ან თუნდაც პორტუგალიასთან. ამიტომ რუს სპორტსმენებში რუსი ოკუპანტის დანახვა, რაგბისთვის მიუღებელია. რაგბში ხომ მთავარი ფასეულობა მეტოქის პატივისცემაა. უბრალოდ, წაგება იმიტომ იქნება გულდასაწყვეტი, რომ რეიტინგში ქულები დაგვაკლდება და რაც მთავარია, შეწყდება "წაუგებელია" სერია.

მახსოვს 2013 წელს, სოჭში გამარჯვებულ მორაგბეებს აეროპორტში დავხვდით. ხალხი არცთუ ბევრი იყო, მაშინ ერთ-ერთმა მორაგბემ პირად საუბარში თქვა: წლიდან-წლამდე უფრო და უფრო "ტრუხდება" რუსებთან მოგებაო. მას მერე სამი წელი გავიდა, ჩვენი ნაკრები ყოველწლიურად იზრდებოდა, რუსები (მომიტევონ) და ისევ ერთ ადგილს ტკეპნიან. მიუხედავად ამისა, ჩვენი სათქმელი ძალიან ხმამაღლა უნდა ვთქვათ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, ვინაა სტადიონის ბატონ-პატრონი, როცა "ბორჯღალოსნები" თამაშობენ.

მოკლედ, შაბათს 16:00 საათზე რაგბია (19 მარტს კი დიდი რაგბი).

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია