16 წელზე მეტია არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. ამას პროტესტის ნიშნად ვაკეთებ. ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც სათავეში მოსვლა უნდათ და ხალხს ჰპირდებიან, - დაგეხმარებით, დენს გაგინახევრებთ, უფასო განათლების მიღების საშუალება გექნებათ და ა. შ. ხმას არ ვაძლევ და არც არასოდეს მივცემ. 21-ე საუკუნეში მთელ მსოფლიოში, როცა ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ბერკეტები უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სანქციები და იარაღი, როდესაც ამ პლანეტაზე მარტო არ ხარ, მსგავსი დაპირებებით სათავეში მოსვლის სურვილი იუმორივით ჟღერს.
არადა, მთავრობები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ეტყობა იდეები არ ჰყოფნით და ერთმანეთის დაპირებებს იმეორებენ. მე კი წლებია ველოდები, როდის გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იტყვის - თქვენს უფლებებს დავიცავ. ყველა ეტაპზე, ყველგან და ყველაფერში კანონი გახდება უზენაესი და ეს დაპირება ქმედითი იქნება! და არა ისე, როგორც დღეს არის, როცა ყოველ ნაბიჯზე ადამიანის უფლებები ირღვევა, ხელისუფლება კი დაჟინებით იმეორებს, რომ აქ ყველაფერი კარგად არის!
მოკლედ, რა ქვეყნის მშენებლობა, რის ქვეყნის მშენებლობა! - ვიდრე მთავრობას გაახსენდება, რომ ხელისუფლებაშია და ისწავლის რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა, ჩვენი საქმე სულ უკან და უკან მიდის. ვიღაც გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო იმ დროს, როცა საკუთარ ცხოვრებას არავინ განსჯის. ასეა ბატონებო, თუ მთელი ხალხი უაზროდ თავისუფალია, ის მორალის დაცვას სხვისით იწყებს. ყველა თავის ნებაზეა მიშვებული. თუ რამე არ მოწონთ, ხალხი ძალადობს, ჩხუბობს, იბრძვის. რა გარანტია გვაქვს, რომ ცოტა ხანში ხალხი ერთმანეთის კვლას არ დაიწყებს, თუ ვინმეს საქციელი არ მოეწონება!? რა გარანტია გვაქვს, რომ იმ სახელმწიფოებს არ დავემსგავსებით, რომლებიც ცხოვრება ძალადობაზეა აგებული და არა კანონებზე. სადაც მორალის ძალადობით დანერგვის მცდელობა საშიშროებას უქმნის არა მარტო იმ ქვეყნებს, არამედ მთელ კაცობრიობას.
რამდენიმე მაგალითი უნდა მოვიყვანო.
ვმგზავრობდი ყვითელი ავტობუსით. მძღოლმა ძალიან ცუდად ატარა, კინაღამ ავარიაში მოგვახვედრა. თან უზრდელად გვპასუხობდა. ასეთ ფაქტებს თბილისში ბევრგან შეხვდებით. აბსულუტურად შეურაცხყოფილი ვიყავით ყველა მგზავრი. არცერთმა საგზაო პოლიციელმა არ გაგვაჩერა. ეტყობა ჩვენს ქუჩებში ისინი არ არსებობენ. მგზავრთაგან ზოგმა კი ყვირილი დაიწყო, ისევ ერი გალანძღა, რომ ჩვენ არ ვარგივართ, რადგან უნდა გაგვეჩერებინა ავტობუსი და თურმე მძღოლი ერთი კარგად გვეცემა.