ჩვენ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რომ საქმიანი ურთიერთობის დასრულება მოხდეს მაქსიმალურად ცივილიზებურად, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების, "საქმიანი დილის" და "ბიზნეს-კონტაქტის" დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გადაცემები შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა, თუმცა ის გადაცემების დახურვას არ აპირებს.
"ლევანმა, როგორც შპს "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა მოინდომა შეხვედრა. მან იცის ჩვენი განწყობა. ის კარგად იცნობს "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებებს. ჟურნალისტები, ისევე, როგორც "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა" რჩებიან ამ განცხადებების ერთგული. ჩვენ ეს პროექტები დავიწყეთ მაკა ასათიანთან და კოტე გოგელიასთან ერთად. მე ამის განმეორება მომიწია ბატონ ლევანთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რათა საქმიანი ურთიერთობის დასრულება მოხდეს მაქსიმალურად ცივილიზებულად. "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა", ასევე "ანალიტიკა" ეთერში იქნება. რა ფორმით მოხდება და როგორ ეს გამოჩნდება. ლევანმა მიიღო დასტური იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროსთან", თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა ტელეკომპანია "მაესტროსთან" მდებარე კაფეში გაიმართა და მასში არხის ფინანსური დირექტორი თეიმურაზ გაჩეჩილაძე, გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე, მისი ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი და გადაცემების, "საქმიანი დილის" და "ბიზნეს-კონტაქტის" ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე მონაწილეობდნენ.