რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე

რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე

დედაქალაქში არსებული საცობები და საპარკინგე ადგილები მოსახლეობის განსჯის საგანია. როგორ ხდება თბილისში მანქანის გასაჩერებელი ადგილების გამოყოფა, როგორ ნაწილდება მძღოლის და ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. ამ და კიდევ სხვა კითხვებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლილი ხმალაძეს მივმართეთ:

- როგორ და რა პრინციპით მოხდა თბილისში პარკინგის ადგილების გამოყოფა?

- დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას გათვალისწინებული იყო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფაქტორი (მათ შორის ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება), ქუჩის და ტროტუარის გეომეტრიული პარამეტრები და კონკრეტულ ტერიტორიაზე პარკირების ადგილების არსებობის მიზნობრიობა. ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მოხდა მისი შეთანხმება ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან და ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცება (შესაბამისი ლოკაციის, დგომის მეთოდის, ადგილების რაოდენობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების მდებარეობისა და რაოდენობის მითითებით).

- როცა ახალი ადგილების საჭიროება დგება, როგორ ხდება პარკინგის ადგილების გამოყოფა დღეს?

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ (მოქალაქეების და ორგანიზაციების მომართვის საფუძველზეც) ხდება კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა და სადგომის მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა. ისევე როგორც უკვე დამტკიცებულ პარკირების ადგილებზე, ასევე ახალი ადგილების განსაზღვრისას პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენისას ვითვალისწინებთ რამდენიმე გარემოებას, რომლებიც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

- როგორ ნაწილდება ფეხით მოსიარულეთა და მძღოლების ინტერესები?

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს შორის უპირატესობა ენიჭება ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას.

- როდესაც ქალაქის ცენტრში დიდი ოფისი იხსნება და ოფისს თავისი პარკინგის მიწა არ აქვს საკუთრებაში, როგორ ხდება მათი თანამშრომლებისთვის პარკინგის ადგილის გამოყოფა?

- თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება დაშვებულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, რომლებზეც დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები დგომის ხერხის მინიშნებით და აგრეთვე სავალ ნაწილზე დატანილია საგზაო მონიშვნა. ზემოთხსენებულ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გაჩერება შეუძლია ნებისმიერ პირს იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია პარკირების საფასური და დაცულია დგომის ხერხი. შესაბამისად, ექსკლუზიური უფლების გაცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე არ ხორციელდება.

- ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია, ჰქონდეს პარკინგის ადგილი?

- აღნიშნული ტიპის ვალდებულებას დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

- ქალაქის ცენტრში ბევრი ასეთი ოფისის არსებობა ქმნის თუ არა დამატებით საცობის გაზრდის შანსებს და თუ ქმნის, თავიდან ასაცილებლად რა გეგმა აქვს მერიას?

- თბილისის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

- ქალაქში არსებობს ე.წ. ხელოვნური კუნძულები. რამდენად ქმნიან ისინი ავარიულ სიტუაციებს და საცობებს?

- ე.წ. "ხელოვნური (უსაფრთხოების) კუნძულებზე" ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა ან/და გაჩერება აკრძალულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე კანონდარღვევით მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის.

- იყო საუბარი მრავალსართულიან "პარკინგზე", რომელიც იყო მერის იდეა, რა ეტაპზეა ეგ გეგმა?

- დედაქალაქის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია