მცირე ბიზნესის მნიშვნელობაზე დღეს უკვე არავინ დავობს. როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ სეგმენტში ბევრი რამ შეცვალოს: ფინანსთა სამინისტროში მზადდება კანონპროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის" შესახებ. როგორც ცნობილია, კანონით მკაფიოდ განისაზღვრება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ცნება, გამარტივდება ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო შემოწმება. ამავე დროს, მთავრობა წლიური ბრუნვის ზღვრის გაზრდის მომხრეა: მიკრობიზნესმენის სტატუსის მისაღებად ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 30 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ზღვარი - 10 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო საშუალო ბიზნესისთვის - 50 მილიონ ლარამდე. ამ ცვლილებების შეფასება "საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელს - თამაზ ვაშაკიძეს ვთხოვეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონის მიღებამდე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან მეტი კონტაქტია საჭირო:
თამაზ ვაშაკიძე - ჯერ უნდა ვიცოდეთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და რა შედეგებზეა ორიენტირებული. არ შეიძლება ყველაფერი გადმოვიღოთ პირდაპირ ევროპული კანონებიდან და ამას დავარქვათ მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა. საყურადღებოა, რომ დღეს მცირე მეწარმის სტატუსი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, თუმცა ბევრს სურს ეს სტატუსი იურიდიულ პირებსაც მიენიჭოს. საქართველოში მიკროსაწარმოს სტატუსი მხოლოდ იმ ბიზნესს ენიჭება, რომლის ბრუნვაც 30 ათას ლარამდეა, თანაც ეს უნდა იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც დაქირავებული მუშაკები არა ჰყავს. ვინც ეს ზღვარი დააწესა, ალბათ საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა. ამაზე მეტი ნონსენსი არ არსებობს - გაყავით 30 ათასი ლარი 365 დღეზე და ნახავთ, რომ ეს ჯიხურის შემოსავალიც კი არ არის.
- თავის დროზე რატომ დააწესეს ასეთი აბსურდული ზღვარი მიკრო ბიზნესისთვის?
- იმიტომ, რომ საქართველოში კანონებს წერენ ჩინოვნიკები, რომლებიც ბიზნესს საერთოდ არ იცნობენ. ვიდრე რაიმე კანონს მიიღებდეს, ჩინოვნიკი უნდა მივიდეს მეწარმესთან და თვეების განმავლობაში უნდა სწავლობდეს რა პრობლემები აქვს მას, რა უჭირს, ან რა ულხინს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.